საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიმოხილვას.  
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2024 წელს კომისია  ინტენსიურად მუშაობდა როგორც რეგულირების გაუმჯობესების, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით.
„2024 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კომისიამ განიხილა არაერთი საკითხი. მათ შორის, მოქალაქეთა საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა კომუნალური კომპანიების მხრიდან უსაფუძვლო დარიცხვებს. კომისია დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეზობელი ქვეყნების მარეგულირებელ უწყებებთან ურთიერთობას.


არაერთ სიახლესთან ერთად, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაინერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში  ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის დანერგვას. ამასთანავე, ამოქმედდა სტატისტიკის პორტალი, სადაც განთავსდა დეტალური ინფორმაცია როგორც ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ფაქტობრივი ბალანსების, ასევე ნეტო აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ. სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში მოცემულია სექტორული ანალიზი, რაც საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე: https://gnerc.org/ge/commission/commission-reports/tsliuri-angarishebi