საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლი ნავთობპროდუქტების ბაზრის გამოწვევად რჩება. ეს ეხება როგორც ბენზინს და დიზელის საწვავს, ასევე საავტომობილო ზეთებსა და თხევადი აირის ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ხარისხის მაღალი სტანდარტი გააჩნია, საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლი როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება და კვლევებიც ცხადყოფს, რომ ბაზარზე გარკვეული რისკები არსებობს, რაც დასაძლევია.
რაც შეეხება, კონკრეტულ შემთხვევებს და ბოლოდროინდელ კვლევას, როგორც ცნობილია, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პერიოდულად საწვავის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს. ბენზინისა და დიზელის ხარისხის შემოწმება ბოლოს რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და ჯამში მხოლოდ 3 სადგურის სინჯები შემოწმდა.
უფრო კონკრეტულად, ბენზინის ხარისხი შემდეგ ავტოგასამართ სადგურებზე შემოწმდა: შპს „მ.ჯ ოილ“-ი (თბილისის შემოვლითი გზა), შპს „ნიუოილი“ (გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელი) და შპს „ნოდო ოილი“ (გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი მუკუზანი). უწყების ცნობით, ბენზინის ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლენილა.
როგორც დეპარტამენტში განაცხადეს, ნავთობბაზებსა და ნავთობსაცავებიდან ბენზინის საწვავის სინჯების შემოწმება ბოლოს აპრილში განხორციელდა. კერძოდ, ჯამში შემოწმდა 3 ბაზის 11 სინჯი, საიდანაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგინდა დარღვევა.
უფრო კონკრეტულად, დეპარტამენტის ცნობით, შპს „მანი“-ში აღებულ სინჯში ოქტანური რიცხვი არ შეესაბამებოდა პრემიუმის მარკას, რის გამოც კომპანია 508 040 ლარით დაჯარიმდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი საწვავის ხარისხის გამო კომპანიების დაჯარიმების საკითხს გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა კონტროლის გამკაცრებაზე, რა მიმართულებითაც ზომები გასამკაცრებელია მთელი საქართველოს მასშტაბით.
,,მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური კონტროლის სისტემა ქვეყნის შიგნით, საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. უნდა დაიწყოს კონტროლი ქვეყნის საზღვრიდან და უნდა განხორციელდეს მუდმივი სისტემური შემოწმება როგორც საცალო ქსელში, ისე ბაზებზე, გასამართ სადგურებზე. ეს უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მოცვა აუცილებელია. დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკოლოგიის დეპარტამენტს, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ამავე დროს, მეტი ინტენსივობაა საჭირო. აუცილებელია უფრო მკაცრი მონიტორინგი დაწესდეს და ყველა დეტალი გაწერილი იყოს, სადაც ხარისხის ნებისმიერი კომპონენტი იქნება გათვალისწინებული.
ფაქტი სახეზეა, ერთჯერადი დაჯარიმება საკმარისი არ არის, თუ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დახმარება საჭირო იქნება დავეხმარებით, რომ კონტროლი უფრო ინტენსიური გახადონ, რითაც საჭირო იქნება, ჩვენს წვლილს შევიტანთ. ქვეყანაში ევრო 5-ის სტანდარტი მოქმედებს და ყველას უნდა ეშინოდეს, ვინც უხარისხო პროდუქტს ყიდის, რომ დარღვევის შემთხვევაში პასუხი მოეთხოვებათ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონალურად გაიშალოს კონტროლი, თუკი ამდენი ჯარიმის ამოღება შეიძლება, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს კვლევები, რომ რეალურად შეიცვალოს ვითარება და ხარისხის დაცვის პრევენცია მოხდეს", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
მისი თქმით, მოცულობის გაზრდის მიზნით, საწვავში ურევენ დაბალი ხარისხის ბენზინს, ე.წ ეთილს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს.
„თუ არ გავაკონტროლეთ, რაც უნდათ, იმას გააკეთებენ. უკონტროლობა ქვეყნის დამღუპველია. სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ ბენზინი და დიზელი მოწმდება. ფაქტობრივად ყურადღება არ ექცევა საავტომობილო ზეთებს, თხევად აირს, რაც დიდი პრობლემაა. კვლევები ამ მიმართულებით არ ჩატარებულა. თუ ლაბორატორიები არ არის, მეზობელ რეგიონებში ჩავატაროთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ კეთილსინდისიერი მეწარმეები არ დაიჩაგრონ. უხარისხო საწვავი, გარდა იმისა, რომ გარემოს აბინძურებს, ასეთი პროდუქტის რეალიზაცია კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრობლემასაც აჩენს.
ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მსგავსი შემთხვევები გამოირიცხოს. გაბევრებული ნავთობპროდუქტი არის თაღლითობა, აღურიცხავი პროდუქცია და ზომა-წონაში მოტყუება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება.
ჩვენ გვყავდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ოფიციალურად სახელმწიფოს მიერ იყო აკრედიტებული. საჭირო თუ იქნება, ხარისიხს კონტროლის კვლავაც განვახორციელებთ, რისი უფლებამოსილებაც ადრე გვქონდა. ამისათვის, მთავარია აკრედიტაცია აღვადგინოთ. უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ და რაში ვიხდით ფულს, რომ მომხმარებელი მოტყუებული არ დარჩეს“, - ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში შემოწმდა 4 ობიექტი, მათგან ორი „ნოდო ოილს“ ეკუთვნოდა.
გამოვლენილი დარღვევები ასე გამოყურება:
„მ.ჯ ოილ“-ი დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის ნორმაზე დაბალი მაჩვენებლის გამო დაჯარიმდა 72 444 ლარით;
„ნიუოილში“ აღებულ სინჯებში დარღვევები არ გამოვლინდა;
„ნოდო ოილის“ ორივე ობიექტზე დიზელის სინჯებში გამოვლინდა გოგირდის შემცველობის ჭარბი რაოდენობა. ერთ შემთხვევაში ჯარიმამ შეადგინა 64 577 ლარი (სიტყვიერი შენიშვნა), ხოლო მეორე შემთხვევაში 114 243 ლარი (შეწყდა საქმისწარმოება).
წყარო: რეზონანსი