საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა პურის მცხობელებისთვის გამოწვევად იქცა. ,,პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ რეგულაციის შემოღებით საწარმოებზე ფინანსური ზეწოლა გაიზარდა, რადგან ისინი დისტრიბუციისთვის მეორად ავტომობილებს ყიდულობდნენ, რომლების 2013 წლამდე იყო გამოშვებული. მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ კანონმა საწარმოებს დისტრიბუციის ხარჯი გაუზარდა, რაც პურის ფასზე აისახება.

,,საცხობები ყიდულობდნენ 2013 წლის ქვემოთ, მეორად მანქანებს. ამას შეალამაზებდნენ და ამით მუშაობდნენ ძირითადად. ამ მანქანების ყიდვის საშუალება გაუქრათ, ანუ უფრო ახალი უნდა იყოს მანქანა. მე მესმის ქალაქის მერიის. არ უნდათ გამონაბოლქვი, თუმცა ეს ხომ აისახება ფასზე. ეს დააწვა ტვირთად საცხობებს.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მაღაზიებში პურის შეტანა კიდევ ერთ პრობლემას, ჯარიმებს უკავშირდება, რაზეც ასოციაციაში დიდი ხანია საუბრობენ. მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ მათ მერიას მიმართეს და ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში პურის სადისტრიბუციო მანქანების დაშვების უფლება ითხოვეს, თუმცა პრობლემა არ გვარდება და საწარმოებს ჯარიმები ფინანსურად ისევ აწვებათ.

,,რამდენი ხანია დავაყენეთ საკითხი თბილისის მერიასთან, რომ თუ ტაქსი შეიძლება შევიდეს ყვითელ ხაზზე, სადაც ავტობუსი დადის, რატომ არ შეიძლება პურის მანქანები იყოს გამონაკლისი, რადგან ეს პირველადი კვების პროდუქტია. ჯარიმებით გაივსო ქარხნები და უსაშველო ჯარიმები დააწვა მათ. ესეც აისახება (ფასზე). პრეტენზია ყველას დიდი აქვს და ხელშეწყობა პატარა. დაწყებული პური მჭამელიდან დამთავრებული იმამდე. თუ არ შევუწყვეთ ხელი ამ ხალხს, ეგრე ვერ გამოვა. მინდა, რომ ჩვენც სწორად გაგვიგონ. პრეტენზიით კი არ ვართ. ხელშეწყობა უნდა დარგს. როგორ შეიძლება, შე მამაცხონებულო. ნუ ბეგრავ ისე.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.