სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მაღალი ფასები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა სატელეკომუნიკაციო სექტორის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, კომისია, ბოლო წლებია, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

„კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კომისიამ კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ფიქსირებულ და მობილურ ბაზრებზე რიგი ვალდებულებები დააკისრა“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის თქმით, რეგულაციები მიღებულია, თუმცა გამოწვევები რჩება, კომისია დაითვლის ფასს, რომლის მიხედვითაც, მცირე ოპერატორებს ექნებათ შესაძლებლობა, დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურა გამოიყენონ, რაც საბოლოოდ ხარისხზე და მომხმარებლებზე აისახება.

ბექაურმა ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, შემზღუდველი გარემოს გამოსწორების მიზნით, კომისიამ „მაგთიკომს“ ქსელის გაზიარების ვალდებულებასთან ერთად, სატარიფო რეგულირების ვალდებულებები განუსაზღვრა.

მისივე თქმით, ეს უზრუნველყოფს დაშვების მსურველი კომპანიებისთვის სამართლიან პირობებს ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის.

როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს ნაბიჯები საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს მთავარ მიზანთან,  გახდეს რეგიონული ციფრული ჰაბი.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით საქართველოს აქვს ბუნებრივი უპირატესობა და შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი და მოიზიდოს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა „გუგლი“, „ამაზონი“, „მეტა“, „მაიკროსოფტი“ და სხვები“, – აღნიშნა ბექაურმა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.