IDFI-ის შეფასებით, სათამაშო ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო შეღავათების დაწესება ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებულ შემზღუდავ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

2026 წლის 28 ოქტომბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარებისას გარკვეული შეღავათები ექნებათ: თუ ტურნირის მონაწილეთა სულ მცირე 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარს აღემატება, ორგანიზატორი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. ასევე, გადასახადისგან თავისუფლდება უცხოელი მონაწილის მიერ ასეთ ტურნირში მიღებული შემოსავალი.

IDFI მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები წინააღმდეგობაში მოდის იმ პოლიტიკასთან, რომელიც აზარტული თამაშების პოპულარიზაციის შემცირებასა და სექტორისთვის საგადასახადო წნეხის გაზრდას ისახავდა მიზნად. ბოლო წლებში აიკრძალა სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო რეკლამა, მოთამაშეთა მინიმალური ასაკი 18-დან 25 წლამდე გაიზარდა, შეიქმნა დამოკიდებულ პირთა სია, ხოლო სექტორის დაბეგვრა გამკაცრდა. მიუხედავად ამისა, 2025 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88.4 მლრდ ლარს მიაღწია და ბოლო ხუთ წელში დაახლოებით გაორმაგდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სათამაშო სექტორის მიერ თამაშებიდან მიღებულმა შემოსავალმა (GGR) 3.7 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიების მთლიანმა მოგებამ — 1.3 მლრდ ლარი. სექტორში 13,288 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი 3.7 ათას ლარს აღწევდა. ამავე წელს სათამაშო ბიზნესში 42.8 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.