საირმეში მდებარე სასტუმროები ჯავშნების ნაკლებობას არ უჩივიან და მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ. როგორც „კომერსანტთან“ სასტუმროების „საირმე“ და „ახალი საირმე“  გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი დავით ბეროზაშვილი აცხადებს, სასტუმროებში 2023 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო, ჯავშნების რაოდენობა გასული წლის იდენტურ მაჩვენებელს უტოლდებოდა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ტურისტულ სექტორს. გამონაკლისი არც ჩვენი სასტუმროები ყოფილან.  მიუხედავად სირთულეებისა, 2021 წელს ორივე სასტუმრო გავიდა დატვირთულობის მაღალ ნიშნულზე, რამაც პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებსაც გადააჭარბა. 2023 წლის ზაფხულის სეზონი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. დღეის მდგომარეობით 2023 წლის ზაფხულის დატვირთულობა ყველა მაჩვენებლით აღემატება ამავე 2022 წლის ზაფხულის სეზონის მაჩვენებლებს. ჩვენ უკვე ვიღებთ 2024 წლის ჯავშნებს,“- განაცხადა დავით ბეროზაშვილმა. მისი თქმით, სტუმრების უმეტესობა არის საქართველოს, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეები. ამასთან გასულ წელთან შედარებით წლევანდელ სეზონზე GULF -ის ქვეყნიდან მოგზაურების 70%-იანი კლება აღინიშნება.

სასტუმროს წარმომადგენლის თქმით, ზაფხულის პერიოდში დამსვენებლების მხრიდან ინტერესი  მატულობს და  ეს , რა თქმა უნდა, აისახება სასტუმროს მაქსიმალურ დატვირთულობაზეც.

სხვა ტურისტული ობიექტების მსგავსად საირმის სასტუმროებშიც აცხადებენ, რომ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, ძირითადად სერვისის მიმართულებით.

„კადრების მხრივ, ჩვენთანაც ანალოგიური ვითარებაა. მოგეხსენებათ, რომ კურორტი საირმე მდებარეობს იმერეთში, კერძოდ ბაღდათის რეგიონში. შესაბამისად, აქ არსებული ჰორეკა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ნაკლებობა კიდევ უფრო ართულებს კვალიფიციური კადრების მოძიების პროცესს. თუმცა, ჩვენი გუნდის ჩართულობით, ამ გამოწვევასაც წარმატებით ვუმკლავდებით. ძირითადად კადრების ნაკლებობაა სერვისის მიმართულებით, რესტორნებში,“- აღნიშნა დავით ბეროზაშვილმა.

სასტუმრო დამსვენებელს სხვადასხვა ღონისძიებებს და აქტივობებს სთავაზობს. საირმეში სეზონი წელს არტგენის ფესტივალით გაიხსნა.

„წელს სეზონი გავხსენით არტგენის ფესტივალით, რომელსაც 400-მდე სტუმარი დაესწრო. ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ფესტივალი თუ კონცერტი. რაც შეეხება სასტუმროს აქტივობებს - დავამატეთ ბევრი ახალი აქტივობა როგორიც არის OFF Road ჯიპ ტურები უნიკალური ლოკაციების მოსანახულებლად და  საჯინიბო, სადაც საირმის სტუმრებს ექნებათ საშუალება ცხენებით გაისეირნონ.“- აცხადებს დავით ბეროზაშვილი.

რაც შეეხება კონკურენციას, სასტუმროების წარმომადგენლის თქმით, სპეციფიკიდან და ლოკაციიდან გამომდინარე, კონკურენტად შესაძლოა ჩაითვალოს ბორჯომის რეგიონი, აბასთუმანი და წყალტუბო.

სასტუმრო „ საირმეში“ 152 ნომერია, „ახალ საირმეში“  კი 104 ნომერი. კურორტ საირმეს წელიწადში 30 000 - ზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს.

საირმე არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი ამოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. კურორტზე ფუნქციონირებს თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც  სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და ესთეტიკურ პროცედურებს.