სასტუმრო „თბილისი საბურთალო მერკურისგან“ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება.
სასტუმრო რამდენიმე თვის წინ „საქართველოს კაპიტალის“ მფლობელობაში იყო, რომელიც კომპანიამ 2023 წლის მარტის ბოლოს გაყიდა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თბილისში „რამადა ენკორის“ ბრენდის ორი სასტუმრო (მელიქიშვილი 10-ში და ყაზბეგი 15-ში მდებარე) და ერთი ვაკანტური მიწის ნაკვეთი $28 მილიონ დოლარად გაყიდა.
ყაზბეგის 15 ნომერში მდებარე სასტუმრო „რამადა ენკორი“ შპს „ყაზბეგი 15-მა“ შეიძინა, მელიქიშვილის 10 ნომერში მდებარე სასტუმრო „რამადა თბილისი“ კი შპს მელიქიშვილი 10-მა. ორივე ამ შპს-ს 100%-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება „გრინლაით დიშ თიჯარეთია“, რომელიც თურქეთშია რეგისტრირებული. აღნიშნული ორივე შპს-ს დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე ფარვიზ აბასგულიევია.
სასტუმროს მმართველი კომპანია ფრანგული Accor-ია. Accor -ი მსოფლიოში სტუმარმასპინძლობის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია, რომელიც გლობალურად 110 ქვეყანაში 5,400 სასტუმროს, 10,000 გასტრონომიულ ობიექტს, გამაჯანსაღებელ დაწესებულებასა და მოქნილი სამუშაო სივრცეებს ფლობს. საქართველოში კომპანიის მმართველობის ქვეშაა 6 სასტუმრო, მათ შორის, Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel, Pullman Tbilisi Axis Towers, ibis-ის სასტუმროებს, Mercure Tbilisi Old Town.
„თბილისი საბურთალო მერკურისგან“ ყაზბეგის გამზირზე განთავსდება და სხვადასხვა კატეგორიის 152 ნომერს გააერთიანებს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს გასტრონომიულ რესტორანსა და კოქტეილ ბარს. ცენტრალური მდებარეობის წყალობით სტუმრებს მთავარ ტურისტულ სანახაობებთან ადვილად მოხვედრა შეეძლებათ, მათ შორის არის: ეროვნული არქივის კინოთეატრი, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“, წითელი ბაღი, თბილისის სპორტის სასახლე და ვაკის პარკი.
Accor-ი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყანაში პოზიციებს აძლიერებს. ჯგუფმა გასულ წელს ქვეყანაში ორი სასტუმრო გახსნა და წლის ბოლომდე დედაქალაქში კიდევ რამდენიმეს გახსნის. „თბილისი ფილარმონია მერკურისგან“ ქვეყანაში Accor-ის მეექვსე სასტუმროა. კომპანია საქართველოში გაფართოებას განაგრძობს“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი მარკ ჰოლგერ ბუჩვალდი.