თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე 10 ნომერში მდებარე სასტუმრო „რამადა თბილისმა“ სახელი შეიცვალა და „თბილისი ფილარმონია“ გახდა.

თურქული „რამადა ენკორის“ ოფიციალურ საიტზე არსებული ინფორმაციით, ბრენდი საქართველოში უკვე მხოლოდ ერთ ობიექტს, წურწუმიას 14 ნომერში მდებარე სასტუმრო Ramada by Wyndham Tbilisi Old City-ს მართავს, სავარაუდოდ მელიქიშვილის გამზირზე არსებული სასტუმრო ბრენდის ქვეშ აღარ არის.

სახელის ცვლილებამდე ორი თვით ადრე, სასტუმრომ მფლობელიც შეიცვალა. ყაზბეგის 15 ნომერში მდებარე სასტუმრო „რამადა ენკორი“ შპს „ყაზბეგი15-მა“ შეიძინა, მელიქიშვილის 10 ნომერში მდებარე სასტუმრო „რამადა თბილისი“ კი შპს მელიქიშვილი 10-მა. ორივე ამ შპს-ს 100%-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება გრინლაით დიშ თიჯარეთია, რომელიც თურქეთშია რეგისტრირებული. აღნიშნული ორივე შპს-ს დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე ფარვიზ აბასგულიევია.

სასტუმროების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს კაპიტალმა“ მარტის ბოლოს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ  თბილისში რამადა ენკორის ბრენდის ორი სასტუმრო და ერთი ვაკანტური მიწის ნაკვეთი $28 მილიონ დოლარად გაყიდა.

სასტუმრო 2022 წელს გაიხსნა და ის 125 ნომერს აერთიანებს.