სააპელაციო სასამართლოს მიერ სკლინტის სკანდალის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებს კომპანია ,,ჩირინა" ეხმაურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებენ. 

მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანია „ჩირინას“ საჩივარი, შედეგად: სასამართლომ გააუქმა ვალდებულება, რომელიც „ჩირინას“ აკისრებდა „ყვარლის ბაგისთვის“ მიუღებელი შემოსავლის - 3.1 მილიონამდე ლარის გადახდას; მეორე მხრივ, სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მეფრინველეობის ფერმამ „ყვარლის ბაგას“ საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი - 1,6 მილიონი ლარი უნდა აუნაზღაუროს.


,,ჩირინაში" განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შედეგი გამოაცხადა, დასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხარეებს მოგვიანებით გადაეცემათ. კომპანია „ჩირინა“ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ „ჩირინამ“ „ყვარლის ბაგასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი დაარღვია. ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ ჩვენ „ყვარლის ბაგის“ მიუღებელ ზარალში არაფერ შუაში ვართ და დავალიანება 1.6 მლნ ლარამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენ აქაც გვაქვს კითხვები, რადგან „ჩირინას“ ძროხების სიკვდილიანობაში ბრალი არ მიუძღვის. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ ხელშეკრულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლო ამასაც გააუქმებს. დაველოდებით მოსამართლეების მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტურად და ამ გადაწყვეტილებას მომდევნო ინსტანციაში გავასაჩივრებთ“,- აცხადებს „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე. 


მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავდა საქმეს - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.