,,რა თქმა უნდა არა“- ასე უპასუხა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ,,კომერსანტის’’კითხვას, აქვს თუ არა საქართველოს ქათმის ხორცის იმ მასშტაბის წარმოება, რომ პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე შევიტანოთ. „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქათმის ხორცის ადგილობრივი წარმოება ბაზარზე არსებული მოთხოვნის მხოლოდ 37%-ის დაკმაყოფილებას ახერხებს. დანარჩენს კი იმპორტირებული ქათმის ხორცი ფარავს. ზურაბ უჩუმბეგაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული წარმოების ქათმის ხორცის ჩინეთის ბაზარზე შეტანაზე საუბარი ნაადრევია. მით უმეტეს, იმ პირობებში როდესაც პროდუქტი ჩინეთიდან შემოგვაქვს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგის სათავეში ჩინეთია, საიდანაც 2,960 ტონა ქათმის ხორცს ვყიდულობთ.
,,ჩინეთი ძალიან საინტერესო ქვეყანაა განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. მაგრამ, სამწუხაროდ არსებული მონაცემების მიხედვით, ქათმის ხორცით ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ საკუთარ თავს. დაახლოებით 35-37% გვაქვს წლების განმავლობაში თვითდაკმაყოფილების მაჩვენებელი. დანარჩენს იმპორტს ვიხმართ და იმპორტით ვახდენთ სრულ დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ჩინეთის ბაზარზე ქათმის ხორცის გატანაზე ფიქრი ცოტა ნაადრევია, კი არადა კაი ხნით ნაადრევია. ჩვენი პროდუქცია შედარებით ეკოლოგიურად სუფთაა. ამ კუთხით თუ იქნება მოთხოვნადი. ამ ეტაპზე საქართველოსთვის ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელი ქათმის ფილის. პირიქით აქედან ჩინეთში რომ წავიღოთ, ეს ჯერჯერობით წარმოუდგენელია.’’- აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქათმის ხორცის წარმოება მინიმუმ უნდა გავაორმაგოთ. ბაზარი დღეს იმპორტზეა დამოკიდებული. ასეთ პირობებში კი ქათმის ხორცის ექსპორტი წარმოუდგენელია.
,,ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მინიმუმ უნდა გავაორმაგოთ წარმოება. ბოლო წლებში თვითდაკმაყოფილების ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვქონდა 40%. (ანუ მაქსიმუმ გვქონია 40%). წარმოება მინიმუმ უნდა გაორმაგდეს, რომ ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილება შევძლოთ.’’- აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
18 აპრილს თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს თვეებში დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ოქმთან დაკავშირებით.