საახალწლო და სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად, წლის ამ პერიოდში, თაფლზე მოთხოვნა ტრადიციულად იმატებს, რადგან გოზინაყი და თაფლისგან დამზადებული ტკბილეული ახალი წლის სუფრის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ეს წელი შესაძლოა გამონაკლისი აღმოჩნდეს. ბაზარზე თაფლზე მოთხოვნამ იკლო და რეალიზაციის პრობლემა შეიქმნა. „მეფუტკრეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ალეკო პაპავა „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ გაყიდვების მაჩვენებლის კლება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, პროტესტსა და არასტაბილურ გარემოს უკავშირდება.

,,შიდა ბაზარზე, რომ ვაკვირდები, სადღესასწაულო დღეები და ახალი წელი კი გვიახლოვდება, მაგრამ უარყოფითად იმოქმედა ამ აქციებმა და ქვეყანაში მიმდინარე არეულობამ. არ იმართება საახალწლო ბაზრობები. ბევრმა კომპანიამ უარი განაცხადა. სიმართლე რომ ვთქვათ, მოსახლეობა გარდა იმისა, რომ თაფლს დახლებზე ყიდულობს, თავად უკავშირდება მეფუტკრეს და მათგან ყიდულობენ თაფლს. ვნახოთ, საახალწლო პერიოდი დგება და საახალწლო სუფრაზე გოზინაყი და თაფლისგან დამზადებული სხვა ტკბილეული როგორ იქნება წარმოდგენილი. კიდევ არის წინ რამდენიმე დღე. ზოგადად, არასტაბილური გარემო ხელს უშლის გაყიდვებს, რეალიზების პროცესს. ეს ერთმნიშვნელოვანია და ამას ვერ გავექცევით. არასტაბილური გარემო ზოგადად ხელს უშლის მთლიანად ქვეყნის განვითარებას.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.

ქართულ ბაზარზე მომხმარებელი უპირატესობას ღია ფერის თაფლს ანიჭებს. მყიდველი ხშირად არჩევანს თაფლის ფერისა და არომატის მიხედვით აკეთებს. ,,მეფუტკრეთა ასოციაციის’’ თავმჯდომარე განმარტავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მუქი ფერის თაფლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს, რის გამოც ამ კატეგორიის თაფლზე მოთხოვნა დაბალია. მომხმარებელს ასევე მიაჩნია, რომ თუ თაფლი კრისტალდება ის ნატურალური არ არის, რაც ალეკო პაპავას განცხადებით არასწორი შეხედულების შედეგია.

,,საქართველოში მომხმარებლის მოთხოვნა არის, რომ თაფლი უნდა იყოს თხევადი კონსისტენციის და უნდა იყოს ღია ფერის. თავიდანვე ცუდი წარმოდგენები შეიქმნა. ჩვენ მომხმარებელთან უფრო მეტი გვაქვს სამუშაო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნატურალური თაფლი უნდა დაკრისტალდეს. თაფლის კრისტალიზაცია განპირობებულია, ასევე თაფლში მარტივი შაქრების: ფრუქტოზას და გლუკოზას შემცველობით. თუ გლუკოზა ჭარბობს ფრუქტოზას თაფლი მალე დაკრისტალდება. თუ პირიქით არის, ფრუქტოზა ჭარბობს გლუკოზას, თაფლი ნაკლებად კრისტალდება ან არ კრისტალდება. ანუ ეს განპირობებულია თაფლის სახეობებით. მაგალითად, აკაციის თაფლი გვიან კრისტალდება. ასევე, წაბლის მუქი თაფლი გვიან კრისტალდება. ასევე, მანანას თაფლი. მანანას თაფლი, იგივე მუქი თაფლი, ამას ეძახიან ტყის თაფლს. ჩვენ ამ თაფლს ბუნებრივად ვიღებთ. ქართველ მომხმარებელს ეს შავი ფერი, მუქი ფერი აფრთხობს. ეტანებიან უფრო ღია ფერის თაფლს. ამიტომ უფრო მეტია სამუშაო მომხმარებელთან. განსამარტია მათთვის, რომ თითოეულ თაფლს აქვს დანიშნულება. მაგალითად, აკაცია სულ სხვა თვისებებს ავლენს. მუქი თაფლი, რომელსაც ტყის თაფლს ეძახიან, ეს არის კალიუმის საბადო, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებისთვის საუკეთესოა. ასევე ოქროწკეპლას თაფლი, რომელიც მალე კრისტალდება. მას აქვს უცანური არომატი, რომელიც არ მოსწონს მომხმარებელს. ეს თაფლი თირკმელებისთვის არის უნიკალური, ვისაც კენჭები აწუხებს. ამ კუთხით უნდა გავათვიცნობიეროთ მომხმარებელი. თითოეულ მცენარეს, რაზეც ფუქტარი მუშაობს, აქვს სამკურნალო დანიშნულება, რაც თაფლში აისახება.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.