მოცვის წარმოება საქართველოში 2019-23 წლებში 8.5-ჯერ გაიზარდა 4.0 მილიონ კგ-მდე. Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, ზრდა განაპირობა სამთავრობო და დონორების პროგრამებმა.
„2022 წელს მოცვის გაშენებულმა ფართობმა 2,000 ჰექტარს მიაღწია. მოცვის ბაღები გაშენების მე-2 წლიდან უკვე იძლევიან გარკვეულ მოსავალს, თუმცა მაქსიმალური მოსავლიანობა 4-7 წელში მიიღწევა. IBO-ს შეფასებით, საქართველოში მოცვის მოსავლიანობა ჰექტარზე 14.5 ტონაა. შესაბამისად, ამჟამინდელი გაშენებული ფართობის გათვალისწინებით, სხვა ბაღების დამატების გარეშეც კი, 2027 წლისთვის საქართველოს მოცვის წარმოება დაახლოებით 25 მილიონ კგ-ს მიაღწევს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ყველაზე დიდი რაოდენობის მოცვის ბაღები სამეგრელოშია გაშენებული და ამ რეგიონზე ჯამური გაშენებული ბაღების ფართობის ნახევარი მოდის. ყველაზე ადრე მოსავალი კი მოდის იმერეთში და გურიაში, ხოლო სამეგრელოში ყველაზე დიდხანს გრძელდება მოსავლის აღება.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიხედვით, მოცვის ბაღების საშუალო ინვესტიცია 1 ჰექტარზე 30.9 ათას ლარს შეადგენდა 2017-22 წლებში, ხოლო 2022 წელს საშუალო საინვესტიციო ღირებულება გაიზარდა ჰექტარზე 33.3 ათას ლარამდე.