ქართველი გიდები სახელმწიფოსგან ითხოვენ, რომ გიდებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები დაწესდეს.  ამ მოთხოვნით მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აქციაც კი გამართეს, მათი თქმით, აუცილებელია, რომ  საქართველოში ოპერატორ გიდებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეთ და სახელმწიფო ენა B2 დონეზე იცოდნენ. როგორც ისინი აცხადებენ საქართველოში ჩამოსული პირები ტურიზმის სექტორში თვითნებურად საქმდებიან და უცხოელ ტურისტებს ემსახურებიან. გარდა სახელმწიფო ენის არცოდნისა პრობლემაა ისიც, თუ როგორ აცნობენ უცხოელი გიდები  ტურისტებს საქართველოს ისტორიას და თანამედროვეობას, მათ შორის ოკუპაციის საკითხებს.

თემასთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ BB Travel - ის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ტურიზმის ბაზარზე 10 -15 წლის მანძილზე ოპერირებენ, არათანაბარ კონკურენციაში ხვდებიან სხვა ქვეყნიდან ჩამოსულებთან.

„ამ ადამიანებს თავის ქვეყანასთან აქვთ კავშირი და საქართველოში არსად ფიქსირდებიან და არც გადასახადებს  იხდიან, შესაბამისად ეს იწვევს არათანაბარ კონკურენციას. შემდეგ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მცხოვრებ გიდებს ეშინიათ კონკურენციის, სინამდვილეში პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე მხარე თანაბარ პირობებში არ დგას, ამ პრობლემის მეორე მხარე უსაფრთხოების საკითხია. 

ადამიანი რომელსაც უშუალოდ ჯგუფთან აქვს შეხება, მინიმუმ ენის B2 დონეს უნდა ფლობდეს, ელემენტარული  შემთხვევებისთვის, თუნდაც იმ შემთხვევებისთვის, რომ სასწრაფო გახდეს გამოსაძახებელი კომუნიკაცია შეძლოს. იმის გამო, რომ გიდმა არ იცის ქართული ენა, შეიძლება ტურისტმა დროული დახმარება ვერ მიიღოს. ამას  გარდა გიდობა იმპროვიზებული პროფესიაა და გიდს ადგილზე ბევრი რაღაცის მოგვარება უწევს. ქართული ენის რაღაც დონეზე ცოდნა აუცილებელია და კანონპროექტში, რომელიც ახლა განიხილება, რაღაც დონეზე ამოღებულია ეს პუნქტი“ - აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.

გიორგიძის თქმით საქართველოში მომუშავე უცხოელი გიდების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, ასევე არიან გიდების მცირე ნაწილი, რომლებიც პოლონეთის, ინდოეთის და  სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან.

„როდესაც ქართველ გიდებს გვაქვს უცხოელ ტურისტებთან შეხება, ყოველთვის ვეხებით ოკუპაციის თემას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უცხოელი გიდები ამ თემას არ ეხებიან და  დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბევრი ადამიანი ჩამოვა და წავა ისე, რომ მის  ცნობიერებაში ამ კუთხით ახალი არაფერი არ იქნება.

როდესაც უცხოელი ტურისტები ჩამოდიან და თვითონ იწყებენ გიდობას და ტურების გაყიდვას ეს ფული არ  რჩება საქართველოში და ჩვენთვის იკარგება, აქედან გამომდინარე საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია და თავისი მოქალაქეები უნდა დაიცვას.“ -  აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.