ლურჯი მოცვის ფასი როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე, მკვეთრად სეზონურია

Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის 2 ივნისის კვირაში მოცვის საბითუმო ფასი იყო 20 ლარი/კგ-ზე, ივლისის ბოლოს ფასი კგ-ზე 5.5 ლარამდე ჩამოვიდა.

„მოცვის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიწოდების რაოდენობას, მოთხოვნას როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრებიდან, ვალუტის კურსს და გლობალურ ტენდენციებს. 2023 წლის დაბალი ფასი (წინა წლებთან შედარებით) ნაწილობრივ ლარის გამყარებითაც აიხსნება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

საქართველოში მოცვის ბაღები ჰექტარზე 14.5 ტონა მოსავალს იძლევა, რაც ქვეყანას გლობალურად მე-7 ადგილზე აყენებს. Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ არსებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის გათვალისწინებით, მათი პროგნოზით, 2027 წლისთვის ლურჯი მოცვის წარმოება 25 მლნ კგ-მდე გაიზრდება (2023 წლის 4 მლნ კგ-დან).

საქართველომ ლურჯი მოცვის წარმოება 2019 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს და დონორების მხრიდან ამ დარგის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის დამსახურებით. საქართველოში ლურჯი მოცვით გაშენებული ბაღების ჯამურმა ფართობმა 2,000 ჰა-ს გადააჭარბა 2022 წლის ბოლოსთვის. შედეგად, მოსავალი 8.5-ჯერ გაიზარდა 2019-23 წლებში 0.5 მლნ კგ-დან 4.0 მლნ კგ-მდე.