„საქართველოში ახალი ბრენდი DKNY შემოვიდა“ - ამის შესახებ ფეისბუკში „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპის“ მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა წერს და ასევე “აუთლეტ ვილიჯის“ გახსნას აანონსებს.

„და აი კიდევ ერთი ახალი, მსოფლიოში ცნობილი მოდის ბრენდი DKNY საქართველოშია!!! გუნდმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, გელოდებით გალერეა თბილისში და მოგვიანებით „აუთლეტ ვილიჯში“ - წერს გუგა ცანავა სოციალურ ქსელში.

გუგა ცანავა „კომერსანტთან“ საუბრობდა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ისეთ ბრენდებთან, რომლებიც საქართველოში ჯერ არ ოპერირებენ და პირველად „აუთლეტ ვილიჯის“ მეშვეობით შემოვლენ. მისი თქმით, ბრენდების უდიდესი ნაწილი „აუთლეტის“ შემოტანის უფლებას არ იძლევა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში იმავე ბრენდის მაღაზია არ ოპერირებს.

„მალე გვექნება ბრენდების გაჟღერების უფლებაც, თუმცა გეტყვით, იმას რაც მე ძალიან მახარებს, რომ არის ძალიან ბევრი ბრენდი, რომელიც საქართველოში ჩვენ გამო შემოდის. აქ ორი მიმართულებაა, ბრენდების უდიდესი ნაწილი არ გაძლევს „აუთლეტის“ შემოტანის უფლებას თუ ქვეყანაში იმავე ბრენდის full price მაღაზია არ ოპერირებს. ეს მიდგომა ბევრ ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე ძალიან მაგარი საქმე კეთდება არამარტო ჩვენთვის, ზოგადად ქვეყნისთვისაც. წარმოიდგინეთ რამდენიმე ბრენდმა იმიტომ, რომ აუთლეტში უნდოდათ შემოსვლა, რითეილში შემოსვლა გადაწყვიტა. ერთად ვიმუშავეთ მოვიძიეთ სპონსორები და ეს ბრენდები ჯერ გახსნიან ჩვეულებრივ მაღაზიებს, შემდეგ შემოვლენ ჩვენთანაც, ანუ ამით არა მხოლოდ აუთლეტი, არამედ რითეილ სექტორიც ვითარდება და ახალი და გამორჩეული ბრენდებით იტვირთება. არ არის საუბარი 1 ან 2 ბრენდზე, აქ საუბარია ასეთ 12-15 ბრენდზე, გარდა ამისა ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება, რომ ბრენდმა გამონაკლისი დაუშვას და ქვეყანაში მხოლოდ აუთლეტით შევიდეს. ასეთ დაახლოებით 5 ბრენდი გვყავს, რომელიც პირდაპირ აუთლეტში შემოსვლაზე დაგვთანხმდა“, - აცხადებდა გუგა ცანავა.

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე რეგიონში პირველი - ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯია“ და ის თბილისის შემოვლითი გზა M2FC+4F, გამარჯვება; ე.წ. გეზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.