„საქართველო სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნად განიხილება, რაც ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს“ - ამის შესახებ აქტივების მმართველი კომპანია საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტის“ წარმომადგენელმა რატი მორჩილაძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების საქართველოზე გავლენაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი შეფასებით, ეკონომიკური სტაბილურობა, საგადასახადო მსუბუქი რეჟიმი და სტუმართმოყვარე გარემო, ამ ეტაპზე, ინვესტორებთან კომუნიკაციისთვის კარგ ფონს ქმნის.
„ეს არის უნიკალური მომენტი საქართველოსთვის. რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ქვეყანას შეუძლია პოზიციონირდეს როგორც მშვიდი და სტაბილური გარემო, სადაც ინვესტირება უსაფრთხოა.
ამისთვის არ გვაქვს ბევრი დრო, ეს არის დროში შეზღუდული შესაძლებლობა. დუბაიში, სადაც ადამიანების ნაწილი აქამდე ინვესტიციებით იყვნენ წარმოდგენილები, ახლა უკვე ახალ შესაძლებლობებს ეძებენ. საქართველო ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა არა ერთადერთი.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რუკა - Travel Advisory, რომელიც მიუთითებს, თუ სად ურჩევს მოგზაურობას მოქალაქეებს და რა ხარისხის სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. მთელი რეგიონი იყო წითელ ან ყვითელ ფერში, საქართველოსთვის კი რუკაზე გამოყოფილია ლურჯი ფერი, რაც საბაზისო უსაფრთხოებაზე მიანიშნებს. ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში საგადასახადო მსუბუქი რეჟიმი მოქმედებს. ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია, ეროვნული ბანკის რეზერვები კი 6 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ძლიერი დადებითი ინდიკატორია. კულტურული და სტუმართმოყვარე გარემოც ასევე მიმზიდველია, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა რატი მორჩილაძემ.