2024 წელს თხილის მოსავლის ხარისხი გაუმჯობესდა, რაც ფასის ზრდაშიც აისახა, - ამის შესახებ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა.
სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი იყო 2022 და 2023 წლებში მთავრობის სუბსიდირება, რამაც ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, ფერმერებს განვითარების შესაძლებლობა დაუტოვა. ჭითანავას განმარტებით, სუბსიდირების პროგრამა თხილის სექტორში საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს და იგი მეთხილეობის დემოტივაციას არ იწვევს. რაც შეეხება USAID-ის გრანტების შეჩერებას, ამერიკის მთავრობა საქართველოში მეთხილეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იყო, რასაც უკავშირდება მაგალითად, საქართველოში პირველად თხილის საშრობი აპარატების ინიციირება, ასევე შოკოლადის მწარმოებელ კომპანია „ფერეროსთან“ მოლაპარაკებები. ჭითანავას შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ხელშეწყობისა და მოთამაშის ბაზრიდან გასვლა, კარგი არასდროს არ არის.
„თხილის ფასის ზრდა მსოფლიო ბაზარზე არსებულ საფასო პოლიტიკას უკავშირდება. თხილის ფასი შარშანდელთან შედარებით გაიზარდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფერმერების ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა, წელს უკეთესი რაოდენობის და ხარისხის პროდუქცია მოიყვანა.
მესამე წელია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ შრომის დაფინანსება ხდება- თხილის მოვლის 500-ლარიანი ვაუჩერების გადაცემა ფერმერებისთვის, რაც თანმიმდევრულ შედეგს აჩენს და იმედი გვაქვს, რომ წელსაც უკეთესი მდგომარეობა გვექნება ამ კუთხით. რაც შეეხება სუბსიდირებას, ეს საკმაოდ განხილვადი საკითხია.
2022 და 2023 წლებში ძალიან რთული პერიოდები გადავიტანეთ, სუბსიდირების გარეშე ალბათ, სექტორში უმძიმესი სურათი გვექნებოდა. იმ წლებში სტაბილურობა შევინარჩუნეთ და შარშან უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა, რაც ვფიქრობ, რომ წარმატების მკაფიო ინდიკატორია. ამ ყველაფერს ცალსახად სუბსიდირებას ვერ მივაწერთ, ეს შედეგი ფერმერებთან კონსულტაციამ და მონიტორინგმა მოიტანა. რაც შეეხება მიმდინარე წლის და ზოგადად, სუბსიდირების ანალიტიკას, ჩვენ ირგვლივ არის ისეთი ბაზრები, როგორებიცაა აზერბაიჯანული და რუსული თხილის ბაზრები, ასევე ევროპის კონტინენტზე იტალიის ბაზარი, ასევე, საკმაოდ აგრესიულად შემოდის ამერიკა და ჩილე. მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ამ ქვეყანაში ფერმერებს უფრო მაღალი სუბსიდირება აქვთ, ვიდრე საქართველოში. ბუნებრივია, ჩვენ კონკურენტულები უნდა ვიყოთ და ფერმერს საშუალება მივცეთ, გააგრძელოს საქმიანობა. თხილის სექტორში სუბსიდირების საკითხი ძალიან სწორად არის ფორმირებული და ის ფერმერის დემოტივაციას არ ახდენს. ფერმერები პროდუქციაზე ფასნამატის ნაცვლად, დაფინანსებას იღებს თხილის მოვიყვან აგროქიმიკატების და სასუქების შესაძენად.
USAID წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დაფუძნებაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებაში, „ფერეროსთან“ ერთობლივი პროექტების განხორციელებაში, რისთვისაც მადლობელი უნდა ვიყოთ. მაგალითად, USAID-ის დახმარებით თხილის მწარმოებლებმა თხილის პირველი საშრობი აპარატის ინიციირება მოახდინა, შემდეგში კი ამ პროექტში USAID-მა 50 000-იანი გრანტი ჩადო. ამ პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მოჰყვა და დაახლოებით მე-6 წელია, ნახევარ მილიონიანი საგრანტო კომპონენტი გაჩნდა, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტი, რამაც სექტორში 8 ახალი სტილის თხილის საშრობი გააჩინა. თხილის სექტორის განვითარებით დაინტერებული ძლიერი მოთამაშის თამაშიდან გასვლა არავითარ შემთხვევაში არ არის კარგი და საკმაოდ დიდი დანაკლისია. ამ მომენტშიც იყო პროექტები, რომლითაც ისინი თხილის სექტორისთვის დახმარების გაწევას ცდილობდნენ. ფაქტია, რომ არის ფინანსური რესურსები, რომლებიც თხილის სექტორში უნდა შემოსულიყო და აღარ შემოდის. ვეძებთ გზებს, რითაც მისი ჩანაცვლება მოხდება. საინტერესო პროექტები, რომელზე USAID მსჯელობდა ეს იყო გადამმუშავებელი ქარხნებისთვის საგრანტო კომპონენტების ნაწილში დახმარება, ექსპორტის მხარდაჭერა და ასოციაციების გაძლიერება. იგივე მიმართულებით ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააქტიურდა. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა მსოფლიო ბაზარზე ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ფერმერების დახმარება პირველ წელს სატესტო რეჟიმში იყო, მეორე წელს რეგულაციების ნაწილში გავაძლიერეთ, მესამე წელს კონტროლისა და კონსულტაციის ნაწილში, შესაბამისად, საკმაოდ ლეგიტიმური მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს სექტორს გავაძლიერებთ“,- აღნიშნა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ.
ხარისხის კონტროლისა და საწარმოების განახლების შემდეგ, შესაძლოა, ქართული თხილი ევროპულ ბაზარზე, შუამავალი კომპანიების გარეშე მოხდეს, რასაც ხელს „ევროკავშირთან“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უწყობს.
ჭითანავა განმარტავს, რომ თხილის ინდუსტრიის გასაუმჯობესებლად და მაქსიმალური შედეგის მისაღებად, აუცილებელია მცირე და საშუალო ფერმერების გადამზადება, რადგან თხილის წარმოების 60%-ს სწორედ მათი წარმოებული პროდუქცია შეადგენს.
„ევროკავშირში“ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ ვპოზიციონირდებთ. მაგალითად, თუ წლების განმავლობაში შუამავალ კომპანიებს თხილს იაფად ვაწვდიდით, თურქულს ან იტალიურ კომპანიებს, რომლებიც ჩვენგან თხილს ყიდულობდნენ და შემდეგ ფასნამატით საბოლოო მომხმარებელზე ყიდდნენ, ეს სიტუაცია ნელ-ნელა გამოსწორდა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ არ გვქონდა საექსპორტო კომპანიების სტანდარტი, ასევე სუსტი იყო შიდა კონტროლის მექანიზმები, ახლა უკვე საქართველოში ძალიან ძლიერი ხარისხის კონტროლი გვაქვს, ასევე გადაიარაღდა ქარხნები და დღეს უკვე ბევრი ქარხანა აწარმოებს სტანდარტთან მაქსიმალურად დაახლოებულ პროდუქციას. ამ პროცესებმა ჩვენი სექტორი ევრობაზრის სხვა დონეზე გადაიყვანა, რაც შემოსავლის წყაროს ზრდის. ჩვენთვის ხელჩასაჭიდია, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და დაახლოებით 3%-იანი ფასნამატი გვაქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით. როცა კლიენტი წლების განმავლობაში ქართული თხილის შესყიდვას ეჩვევა, ის ერთგული მომხმარებელი ხდება თუ მიმწოდებელმა რამე არ დაარღვია.
თხილის სექტორის 60% წვრილი ფერმერებისგან შედგება. მცირე ფერმერებს, რომლებსაც 1ჰა, 2ჰა ან 0.5ჰა აქვთ, უჭირთ ძალისხმევა ბაზრის მოსავლელად ჩადონ. ალბათ, იმის გამო რომ ფასი შედარებით დაბალი იყო, დემოტივირებულები არიან. წელს ვფიქრობ, საკმაოდ კარგი დროა, რომ ფერმერმა დაინახოს, რომ 8, 9 და 7,5 ლარად შეუძლია პროდუქციის გაყიდვა. ასევე შეუძლია, 0,5 ჰა-ზე ტონა ან ტონა-ნახევარი თხილი მოიყვანოს.
ჩვენი სექტორის ნახევარზე მეტი მცირე ფერმებზე მოდის ამიტომ მათი გაძლიერება გადამწყვეტია თხილის სექტორის განვითარებისთვის. 80 000-100 000 ტონა თხილის ექსპორტზე გასასვლელად და ის მილიარდი შემოვიტანოთ ქვეყანაში, ეს აბსოლუტურად მცირე ფერმერებზეა დამოკიდებული“,- აღნიშნა მერაბ ჭითანავამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.