,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია’’ ბაზრის რეგულირების მიზნით კანონის მიღებას ითხოვს. ,,კომერსანტი“ ასოციაციის პრეზიდენტს ლაშა რიჟამაძე ესაუბრა. ის აცხადებს, რომ დისტრიბუტორებსა და რითეილ სექტორს შორის ურთიერთობები რეგულირებას საჭიროებს. მისი თქმით, მსგავსი კანონმდებლობა მე-20 საუკუნიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში. ლაშა რიჟამაძე ჩვენთან საუბარში რითეილერების პოზიციას გამოეხმაურა, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ეს 2 კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობებია და სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახით ჩარევას არ საჭიროებს. ,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის’’ პრეზიდენტი ამ პოზიციას არასწორად მიიჩნევს.
,,რითეილის მხარე განმარტავს, რომ ეს არის ორი კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობა და აქ არ შეიძლება რაიმე ტიპის რეგულაცია არსებობდეს. მინდა ყურადღება გავამახვილოთ შემდეგზე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ეს ურთიერთობა დარეგულირდა ამერიკაში. 80-იანი წლებიდან დიდ ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებმა დაიწყეს მეოცე საუკუნის ბოლოს. დღეს დღეობით, სულ რამდენიმე ქვეყანაა ევროკავშირში დარჩენილი, რომელმაც ეს კანონი არ მიუღია. დანარჩენს ყველას მიღებული აქვს. არსებობს ევროკავშირის დირექტივა, რომლითაც დაავალდებულა ყველა თავისი წევრი მიეღო კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო არ ერევა და რაღაც ჩარჩოებში მოქცევა და ეს არის მხოლოდ 2 კერო ბიზნეს შორის ურთიერთობა, მგონი არ არის რელევანტური. იმიტომ, რომ მთელი განვითარებული სამყარო ჩაერია, რადგან ეს პრობლემა იდგა, რათა ხელი შეეწყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ხელი შეეწყო მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ფასისთვის.’’- აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის’’ პრეზიდენტს პოზიციის გასამყარებლად არგუმენტები მოჰყავს. აცხადებს, რომ ქსელური მაღაზიები ხელშეკრულების პირობებს ყოველწლიურად ცვლიან და უფრო მაღალ გადასახადებს ითხოვენ, რაც საბოლოო ჯამში თაროზე განთავსებული პროდუქტის ფასს ზრდის. მისივე თქმით, ახალი პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში მწარმოებელს ქსელური მაღაზიებიდან უშვებენ, რაც განხორციელებული ინვესტიციების დაკარგვას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, კომპანიებს უწევთ ქსელური მაღაზიების პირობებს დათანხმდნენ.
,,იმ დროს როდესაც კომპანიას უკვე გადახდილი აქვს ასეულობით ათასი ლარი, რომ მოხვედრილიყო ქსელში და შეთანხმდა კონკრეტულ პირობებზე, მომავალ წელს თუ არ დათანხმდება დამატებით გადასახადს, რასაც სთხოვს ქსელი ხდება მისი გაშვება ქსელიდან. ანუ ის კარგავს უკვე მთელ ინვესტიციას. ეს ფინანსურად წარმოუდგენლად რთულია. რიგ შემთხვევაში შესაძლოა კომპანიის ოპერირების შეჩერების საფუძველიც გახდეს. ამიტომ ხდება იძულებული გაყვეს ქსელების მიერ დადგენილ პირობას და როდესაც მიყვება აქ უკვე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვნად იზრდება ფასი. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ კვერცხზე ე.წ. ქეშბექი არის 30-35%, რომელიც მოსთხოვეს ქსელებმა. კვერცხის ღირებულებაში, რომ მხოლოდ ქეშბექის სახით გადასახადი იქნება 35% და ამას დამატებული კიდევ ახალი მაღაზიის გახსნის საფასური და სხვა ტიპის მარკეტინგული ხარჯები, საბოლოოდ ახდენს მნიშვნელოვნად და არსებით გავლენას იმ ფასზე, რა ფასითაც არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის თაროზე. ავიღოთ მაგალითისთვის ღვინო, სადაც წელს რიგმა კომპანიებმა დააყენეს მოთხოვნა, რომ უნდა იყოს ქეშბექი 50-55%. როდესაც მარტო ქეშბექის გადასახადი, გარდა თაროს გადასახადისა, გარდა შესვლის გადასახადისა, გარდა სხვა ტიპის აქტივობებისა, არის 50% წარმოუდგენელია, რომ ფასის კორექტირება არ მოხდეს. ყოველი წლის ხელშეკრულების განახლებისას ეს გადასახადი იზრდება, რაც საბოლოოდ ფასებზე აისახება და მაგიტომაც გვაქვს ეს მოცემულობა, რომ ასეთი ფასებით არის წარმოდგენილი პროდუქცია.’’- აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის’’ პრეზიდენტი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სექტორის დარეგულირებისა და სამართლიან პირობებში ვაჭრობის საჭიროებაზე კონკურენციის სააგენტოც საუბრობდა. ლაშა რიჟამაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ 2020 წელს ბაზრის შესწავლის შედეგად გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში ერთ-ერთი სწორედ კანონის მიღებას ითვალისწინებდა.
,, თავის დროზე კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს, გასცა რეკომენდაცია პარლამენტზე, რომ ეს ურთიერთობა საჭიროებს საკანონმდებლო რეგულირებას და მათ შორის მაგალითად ჰქონდა მითითებული სხვადასხვა ქვეყანა. როგორც ევროპის, ასევე აზიის მათ შორის. ბაზარზე მას შემდგომ კიდევ მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. პრაქტიკულად მცირე ობიექტების რაოდენობა ე.წ. უბნის მარკეტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად კიდევ უფრო რადიკალურად სხვა სურათი გვაქვს. ჯერ კიდევ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტომ და მიიღო რეკომენდაცია, რომ ეს ურთიერთობა საჭიროებს საკანონმდებლო რეგულაციას.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ლაშა რიჟამაძე.