Ski პატრული, რომელიც ზამთრის კურორტებზე 2016 წლიდან პატრულირებდნენ, გასულ სეზონზე აღარ გამოჩენილან. ამან კი, ზამთრის კურორტებზე გამოწვევები შექმნა.

დამსვენებლები ამბობდნენ, რომ განსაკუთრებული პრობლემა სათხილამურო ტრასებზე თოვლმავალი ტრანსპორტის უკონტროლო გადაადგილდება და ტრასებზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ სრიალი იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც ზრდასრულებს, ასევე მოზარდებსაც.

უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების არარსებობა, მენეჯმენტური პრობლემების წინაშე აყენებდა ზამთრის კურორტებზე მოქმედ ბიზნესებსაც.

სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ეკა ორჯონიკიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, რომ მათ დააყენეს კიდეც შესაბამის სამსახურებთან მოთხოვნა, რათა წელს ბაკურიანი Ski პატრულის გარეშე არ დარჩეს.

„Ski პატრული აუცილებელია. შარშან არ იყო მხოლოდ, მანამ კი ჩვენ რაც აქ ვართ, ყოველ წელს. როგორც ვიცი, მიზეზი თბილისში განვითარებული მოვლენები იყო. ეს საკითხები დავაყენეთ ჩვენ შესაბამის სამსახურებთან შეხვედრაზე, რომ საკურორტო პოლიციის რეალური საჭიროება დგას ჩვენთან.

ცალკე სსიპ არის მთის ტრასების სააგენტო, ისინი განსაზღვრავენ საჭიროებებს. თუმცაღა, ჩვენ სრული კოორდინაცია გვაქვს ერთმანთთან და თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ერთად გავდივართ ამ საკითხებს. შარშან ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, განსაკუთრებით ღამის საათებში, რომ ნასვამი პირი დაეჯახა ბავშვს ან რაღაც ჩხუბი მოხდა სრიალის დროს. როცა Ski პატრულია, უფრო მეტი თავშეკავებულობაა. კონტროლის მექანიზმი როცაა ჩართული, ნაკლები ნეგატიური რაღაც ხდება. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ მთელი სეზონი თუ არა, არდადეგების დროს მაინც, როცა ძალიან დიდი ნაკადია ადამიანების, Ski პატრული აქ აუცილებლად უნდა იყოს“, - აცხადებს ეკა ორჯონიკიძე.

„Ski პატრული გამოწვევა იყო გუდაურისთვისაც. „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ დამფუძნებლის, მირანდა ესაკიას თქმით, შარშან კურორტი უბედურ შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩა.

„შარშან არ გვყოლია და სასწაულმა გადაგვარჩინა, რომ რაღაც არ მოხდა. გასულ წელს ვითხოვდით Ski პატრულს და წელსაც იქნება თუ არა, არ გვაქვს ინფორმაცია. აუცილებელია, იმიტომ, რომ მთაზე ვერ კონტროლდება ე.წ. ბურანების გადაადგილება. წარმოიდგინეთ, სათხილამურო ტრასაზე, სადაც პატარა ბავშვებიც სრიალებენ, ბურანები დადიან 120 კმ/სთ სიჩქარით, რაც დაუშვებელია. ეს მთელს მსოფლიოში აკრძალულია სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. უსაფრთხოების დაცვა არის Ski პატრულის პირდაპირი დანიშნულება, რომ ეს აღიკვეთოს. წარმოიდგინეთ, რა განუკითხაობა იქნებოდა შარშან“, - აცხადებს მირანდა ესაკია.

გაიგზავნება თუ არა წელს კურორტებზე Ski პატრული, აღნიშნული კითხვით „ბიზნესპრესნიუსმა“ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე „კურორტების განვითარების სააგენტოსაც“ მიმართა, თუმცა კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მათ პოზიციას პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

www.bpn.ge