კერძო სახლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. თბილისის შემოგარენში თავისუფალი მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ეს განსაკუთრებით ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად შეინიშნება.
სამშენებლო-სარემონტო კომპანია „აშენეს“ დამფუძნებელი ამირან ფირცხალაიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კერძო სახლების მშენებლობის კუთხით ძირითადი დაინტერესება თბილისის შემოგარენზეა. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნა საგურამოს მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა.
„თუ გასულ წლებში კერძო სახლების მშენებლობის მოთხოვნა ძირითადად კოჯრის და წყნეთის, კონკრეტულად კაკლების ტერიტორიაზე იყო, წელს გააქტიურდა პანტიანის, ორბეთის და მცირედით კიკეთის მიმართულებები. საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა საგურამოში, ამ მხრივ ბოლო წლების სტატისტიკა რადიკალურად მზარდია.
მოთხოვნა გაზრდილია ძირითადად ძვირად ღირებულ სახლებზე, მართალია ჩვენი სეგმენტი უფრო მაღალბიუჯეტური მშენებლობაა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაბალბიუჯეტურ კერძო სახლებზე მოთხოვნა ნაკლებია“, - აღნიშნა ამირან ფირცხალაიშვილმა.
2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით კერძო სახლების ფასები 11.6%-ით გაიზარდა. 2023 წლის პირველ სამ თვეში წლიურად საქართველოში მიწის ნაკვეთების შეძენაზე მოთხოვნა საშუალოდ 66%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 70%-ით გაიზარდა.