სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარისთვის გადასაცემი საძოვრის აუქციონის ფასი საშუალოდ 160-175 ლარია. ამის შესახებ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე აცხადებს.

მისი თქმით, აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა მაღალია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 1 კონკრეტულ ნაკვეთზე აუქციონში 8 ბენეფიციარს მიუღია მონაწილეობა.

"გვქონია ისეთი შემთხვევებიც, რომ ვაჭრობის შედეგად არაადეკვატური ფასი დაუფიქსირებიათ და შემდეგ ხელშეკრულება აღარ გაუფორმებიათ. თუმცა, ესეც დარეგულირებულია და ასეთი არაკეთილსინდისიერი ბენეფიციარი პროგრამაში მონაწილეობას 2 წლის განმავლობაში ვეღარ მიიღებს.

რაც შეეხება აუქციონის საშუალო ფასს, 160-დან 175 ლარამდე მერყეობს. შეიძლება ითქვას, საძოვრების ღირებულება თვითონ ბაზარმა დაარეგულირა", - განაცხადა გიორგი მიშელაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სტუმრობისას. 

agropartner.ge