სადისტრიბუციო ბიზნესისთვის ამოქმედებული რეგულაცია პირდაპირ აისახება პროდუქციის ღირებულებაზე, - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 1-ელ იანვარს ამოქმედებულ რეგულაციას, რომელიც თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვას სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებზეც ითვალისწინებს.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესი  ამ რეგულაციისთვის მზად არ იყო.

"გადაწყვეტილებამ უკვე იმოქმედა ფასზე, რომელიც უახლოეს მომავალში აისახება. კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ ფასების კორექტირება და ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაკავშირებულია 10-დან 25%-პროცენტამდე ფასის ზრდასთან ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით რეგულირდება. გარდა ამისა, ფიზიკურად ბიზნესი მზად არ იყო ამ გადაწყვეტილებისთვის, რადგან დედაქალაქის მერია თვეების განმავლობაში საერთოდ სხვა ტიპის რეგულაციაზე საუბრობდა, რომელიც ობიექტების ღამის საათებში მომარაგებას გულისხმობდა, რაც ასევე, პრობლემა იყო, მაგრამ გვქონდა კომუნიკაცია, რომ ეს ეტაპობრივად მომხდარიყო. თუმცა, საბოლოოდ მივიღეთ ისეთი რეალობა ისეთი რეგულაცია, რომლისთვისაც ბიზნესი მზად არ იყო. 

აქ არის საუბარი დამატებით თანხების მობილიზებაზე. ფიზიკურად, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შუალედი შეუძლებელს ხდის იმ ინტენსივობით პროდუქციის მიწოდებას, რა ფორმითაც დღემდე ხდებოდა. ეს დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯთან, რომელიც აისახება იმ პროდუქტის ფასში, რომელიც საბოლოოდ მომხმარებელს ხვდება თაროზე. პროდუქციის ფასი გაიზრდება, რადგან კომპანიებისთვის შეუძლებელი გახდება დამატებითი ფინანსური სახსრების გარეშე ოპერირების გაგრძელდება. ეს რეგულაცია პირდაპირ აისახება პროდუქციის ღირებულებაზე და მათ შორის, გაზრდის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას. ეს იქიდან გამომდინარე, რომ მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლება და დამატება, რადგან აღნიშნულ პერიოდში კომპანიებმა ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება მოასწრონ. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი საცობების კუთხითაც პრობლემას გამოიწვევს", - აცხადებს ლაშა რიჟამაძე.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე მთავრობისთვის მიმართვას გეგმავენ.

ცნობისთვის, ახალი რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.

bp.ge