საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს სახელმწიფო ორ წელზე მეტია DRG სისტემით აფინანსებს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, მასში ძირეული ცვლილებები არ შესულა.

2025 წლის იანვრიდან მთავრობამ DRG სისტემაში პაციენტის თანაგადახდის შესაძლებლობა დაუშვა, რაც კლინიკების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო (DRG -ის ფარგლებში დადგენილი ტარიფები, კლინიკების თქმით, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური სერვისების მიმართულებით, საკმაოდ დაბალი იყო და სექტორს განვითარების შესაძლებლობა არ ჰქონდა) თუმცა, ამ ეტაპზე ის მხოლოდ VIP პალატით სარგებლობაზე ვრცელდება. 

კერძო სადაზღვევო სექტორი მიიჩნევს, რომ DRG სისტემის გადახედვა დღის წესრიგში ისევ დგას, საქმე ეხება როგორც საბაზისო ფასს, ისე კოეფიციენტებს. „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის და სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ინფლაციიდან გამომდინარე დღის წესრიგში ფასთა ინდექსაციის საკითხიც დგას.

“ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ კერძო ინდუსტრიაც გადასულიყო DRG-ის ანაზღაურებაზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ჯერჯერობით დაშენების უფლება არ აქვს, ანუ კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტები ერთმანეთთან სინქრონში არ არის, რა თქმა უნდა, ამის დავალდებულება კლინიკებისთვის და სადაზღვევო კომპანიებისთვის ვერ მოხერხდებოდა. თუ დაშენების პროცესი დაიწყება, აბსოლუტურად ლოგიკურია, სადაზღვევო სისტემა  DRG ანაზღაურების მოდელზე გადავიდეს, რაც ყველასთვის მისაღები იქნება. თუმცა, DRG სისტემამ ყოველწლიურად უნდა განიცადოს ინდექსაცია, ანუ ფასები გადაიხედოს და გათვალისწინებული იყოს ინფლაციური მოლოდინები თუ სხვადასხვა ასპექტები. 

ერთიან ჭრილში, ეს მიდგომა სწორი იქნება, რაც ალბათ, სამომავლოდ უნდა გაკეთდეს: სადაზღვევო სისტემა უნდა გადავიდეს ანაზღაურების DRG მოდელზე, ხოლო დაშენების უფლება მოქალაქემ საყოველთაო ჯანდაცვაზე მიიღოს.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მოლაპარაკებები გვქონდეს და ყველა დავარწმუნოთ, რომ პირველ რიგში, ეს მოდელი ეფექტიანი მოქალაქეებისთვის იქნება  და შემდეგ უკვე ბიზნესისთვის. მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულია, ის დახმარება, რასად სახელმწიფო ფარავს, იმის ზევით კი კერძო სადაზღვევომ უნდა დაფაროს მათი ხარჯები”,- აღნიშნა სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო კობახიძემ „კომერსანტთან" ინტერვიუში.