რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ამოქმედებული სანქციები, სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად, 5-ვარსკვლავიან მცურავ საშუალებებსაც შეეხო.
როგორია ქართულ ბაზარზე მდიდარი რუსების აქტივობა საიახტო სექტორში და არის თუ არა ღია შავი ზღვის ქართული სანაპირო სანქცირებული რუსული იახტებისთვის, რადიო „პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელი გიორგი ჩიკვაიძემ ისაუბრა.
„როდესაც დაიწყო რეგიონში ომი, რამდენიმე რუსი დამკვეთისგან ჩვენ გვქონდა კითხვის და თხოვნის ფორმით, რომ იქნებ საქართველოს ოფისმა ჩვენ მოგვყიდოს იახტები, რადგან ვართ სანქცირებულები მსოფლიოს მასშტაბით. ერთი საკითხია რა იყო მაშინ ამაზე ჩვენი პასუხი და პირდაპირ გეტყვით, რომ მაშინ ეს ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი იყო და მეორე საკითხია, რომ ჩვენი ევროპული და ამერიკული ოფისებიდან მკაცრად კონტროლდება სადილერო არეალი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ დილერები საქართველოში, თურქეთის გარკვეულ ნაწილსა და აზერბაიჯანში. ამის იქით, ჩვენ ახალი იახტის რეალიზების უფლება არ გვაქვს.
რაც შეეხება მეორად იახტებს მისი რეალიზების უფლება გვაქვს. მეორადის ნაწილში, ჩვენ გახსნილი გვაქვს გზა და შეგვიძლია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირება.
აქ არის ერთი მომენტი, ჩვენ ყველას მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს და რუსულ კომპანიებს განვუცხადეთ, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია მივაწოდოთ იახტები ჩვენს სადილერო ქსელში და აქ დამთავრდება ჩვენი პასუხისმგებლობა. თუმცა, ეს იახტა რომ აღმოჩნდეს რაღაც პერიოდის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე. ამ იახტებს აქვს საგარანტიოები, რომელიც კონტროლდება მთავარი ოფისებისა და მწარმოებლების მიერ და წარმოიდგინეთ, იახტას შეექმნა პრობლემა და გახდა საჭირო, საგარანტიო პირობების ამოქმედება, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ვეღარ დაიმალება. აქ უკვე გვექმნება პრობლემა ჩვენც, მწარმოებელსაც და ქარხანასაც მისი მაკონტროლებელი სახელმწიფოსგან. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, უვნებლად გაგვევლო ეს გზა და ერთპიროვნულად ვთქვით უარი ამ ნაწილზე.
ძალიან ბევრი მოთხოვნა შემოვიდა სანქციების გამოცემის დღიდან, მაგალითად, იყო მოთხოვნა დროშის ცვლილებაზე. უნდოდათ ქართული დროშის დაყენება. აქ ჩვენ მაქსიმუმ რაც შეგვიძლია ვუთხრათ არის, რომ მიმართონ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და მათი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება ჩვენს ნავსადგურებში რუსული იახტების დაყენებას, წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა, რუსული მეგა იახტები ქაოსურად მოძრაობდნენ და ეძებდნენ თავშესაფარს. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ 90%-მა თავი მოიყარა თურქეთში", - განაცხადა ჩიკვაიძემ „საქმეში".
bpn.ge