მოსკოვის Sinko bank-მა გაკოტრების სარჩელი შეიტანა შპს Avevine-ის წინააღმდეგ, რომელიც მუშაობს AVE Wine-ს ბრენდის ქვეშ. შესაბამისი ჩანაწერი მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში გამოქვეყნდა, რომელიც რუსულმა „კომერსანტმა“ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა 13 მაისს არის ჩანიშნული. სარჩელის ოდენობა განმცხადებელს არ დაუზუსტებია. საარბიტრაჟო სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, ამ დროისთვის სხვა კრედიტორებს პრეტენზია Avevine-ის წინააღმდეგ არ დაუყენებიათ.
შპს Avevine მოსკოვში 2018 წელს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი საქმიანობა სასმელებით საბითუმო ვაჭრობაა. კომპანია რუსეთში ქართული ღვინის მიწოდებით არის დაკავებული. კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ალექსანდრიაა, ბენეფიციარი ივანე საგანელიძე. ეს უკანასკნელი 2017 წლის ბოლომდე იყო სააფთიაქო ქსელის „36.6“-ის თანამფლობელი.
ცნობისთვის, ღვინის დისტრიბუტორი კომპანიის შემოსავალმა 2023 წელს შეადგინა 10,8 მილიონი რუბლს, რაც სამჯერ შემცირდა 2022 წლის მონაცემებთან შედარებით. კომპანიის მოგებამ 2023 წელს შეადგინა 205,3 მილიონი რუბლი, რაც 6-ჯერ აღემატება წინა საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.