„იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის შემდეგ მოთხოვნა მზარდია წლევანდელ ტურისტულ სეზონზეც მოლოდინი დიდი იყო და ეს მოლოდინი კვლავ რჩება“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „პროფესიონალები“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის  დამფუძნებელმა  შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა, მისი თქმით ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოზე რუსეთის აგრესია გარკვეულ გავლენას ახდენს და ეს ყველა  სფეროზე აისახება.

„თუმცა ტურისტულ სეზონზე  როგორც  შიდა, ასე გარე ტურიზმზე გავლენა, მაინც არამდგრადმა ამინდებმა მოახდინა, თუმცა ივლისის  ბოლო და აგვისტოს  პერიოდში მაინც  მაღალ დატვირთვას ველოდებით.

ციფრებში თუ შევხედავთ  არსებული  სიტუაციას, დადებითი ციფრებია როგორც  შემოსავლის ასევე რაოდენობის კუთხით და ვფიქრობ, რომ 2023 წელი დანარჩენ წლებთან შედარებით ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქებაც არის, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს და  დამსვენებლების ნაწილი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ შავი ზღვა  დაბინძურებულია, თუმცა ჯერჯერობით 3-4 თვე ეს  საფრთხე  არ გვემუქრება.“ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ევროპელ ტურისტებს, ბურჯანაძე აცხადებს, რომ არსებობს ეჭვი იმისა, რომ  ევროპელი ტურისტების ნაკლებობა  საქართველოში რუსების შემოდინებით არის განპირობებული, რადგან  აგრესორთან  ერთად  დასვენება მათთვის ნაკლებად სასიამოვნოა.

„რუსი ტურისტი იმდენად არასასურველია მსოფლიოს მასშტაბით, რომ შესაძლოა ეს შემაფერხებელიც კი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი მსოფლიო მათთვის  ჩაკეტილია და საქართველო ერთგვარ ფანჯარად იქცა, შესაძლოა ამას ევროპელი ტურისტები დააბრკოლოს, თუმცა ამას 100%-ით ვერ ვიტყვით და ცალსახად ვერ დავამტკიცებთ.

ფაქტი ის არის, რომ რუსი  ტურისტების პირველი ნაკადიდან, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, დღეს 30-40%- ია  დარჩენილი და მათ შექმნეს  ეკონომიკური  ზრდის პრეცედენტი, ადამიანები დისტანციურად არიან დასაქმებულები, საქართველოდან მუშაობენ და ხარჯავენ ფულს აქ, შესაბამისად იმ მიმართულებებში, სადაც  რუსი მიგრანტები თანხებს ხარჯავენ მოთხოვნა გაზრდილია.

რუსი მიგრანტების მეორე ნაკადი რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და გამოექცნენ ომში  წასვლის  საფრთხეს, ან უკვე გადავიდნენ სხვა  ქვეყნებში ან კვლავ რუსეთში არიან დაბრუნებულები. საქართველოში  შემოსული მიგრანტების  გარკვეული ნაწილი კი რუსეთში გაზრდილი ქართველები იყვნენ, რომლებსაც  ასევე  ომში წასვლის შეეშინდათ და საქართველოში ჩამოვიდნენ და გარკვეული ბიზნესებიც წამოიწყეს, ეს ადამიანები დღეს ცხოვრობენ საქართველოში და მათგან 10-15% შესაძლოა დარჩეს კიდეც აქ, დანარჩენი მშვიდობის შემთხვევაში დაბრუნდება“ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.