თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდთან საოფისე შენობა აშენდება. შპს „კომფორტი 50“-ის სამშენებლო პროექტის მიხედვით, მშენებლობა დაახლოებით ორწელიწად-ნახევარში დასრულდება.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთზე 6 სართულიანი საოფისე შენობის განთავსება, რომელიც 40 საოფისე ფართს და 100 ავტომობილისთვის ავტოსადგომს მოიცავს.

„წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს გიორგი სააკაძის მეორე გასასვლელში #19. საპროექტო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2 (სსზ-2). ნაკვეთის ფართობი შეადგენს 2,764.00 მ2. მისი სიგრძე არ აღემატება 75 მეტრს ხოლო სიგანე 40 მეტრს.

აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ცენტრალურ არეალს, რომელიც უკვე საკმაოდაა განვითარებული. აქ გვხვდება შენობა ნაგებობები როგორც საჯარო (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) საცხოვრებელი (მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი ზონები), კომერციული (უშუალო სიახლოვეს არსებული სხვადასხვა საოფისე და კომერციული ობიექტები), სასწავლო (ტექნიკური უნივერსიტეტი) ასევე სხვა ფუნქციებით. წარმოდგენილ არეალში მრავლადაა საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი სივრცეები, კეთილმოწყობილი სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები და სხვა. ასევე ტერიტორიის სიახლოვეს მრავლადაა კერძო და სახელმწიფო სკოლები, საბავშვო ბაღები.

შენობის აბსოლუტური ±0.00 ნიშნული ზღვის დონიდან 405.50 მეტრის ტოლია.

დაგეგმვის მიზანს წარმოადგენს მოცემულ ტერიტორიაზე საოფისე შენობის მშენებლობა, რომელიც მოცემული არეალის განვითარების შესაბამისი იქნება.

შენობა წარმოადგენს IVკლასის კარკასულ ნაგებობას, მიწის ზედა 6 და მიწის ქვედა 2 სართულით. დაგეგმვის მიზანს წარმოადგენს ტერიტორიის ლოგიკური განვითარება, არსებულ ურბანულ ქსოვილში ახალი ობიექტის გაჩენა, რომელიც არ შევა კონფლიქტში გარემოსთან.

სართულების აღწერა:
-2 სართულზე, საპროექტო ნიშნულით -5.55 განთავსდება 50 ავტოსადგომი.
 -1 სართულზე, საპროექტო ნიშნულით -2.85,  განთავსდება ავტოსადგომი 50 ავტომობილისთვის  (ორი შ.შ.მ.პ. ავტომობილის და მიკროავტობუსის სადგომით), დამხმარე ოთახი წყლის რეზერვუარის და ტუმბოს განსათავსებლად ავტოსაშხეფი სისტემებისთვის.

მიწისპირა სართულზე  (ნიშნულით ±0.00) განთავსდება  ჰოლი, ოფისები, ხანძრის მართვის ცენტრი, დამხმარე ოთახი და საგენერატორო.

პირველი სართულიდან (+3.45 საპროექტო ნიშნული), მეხუთე სართულის ჩათვლით (+17.05 საპროექტო ნიშნული) განთავსდება ოფისები (თითო სართულზე 8 ოფისი)“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

შპს „კომფორტი 50“-ის დირექტორი ზაზა გუნცაძეა, კომპანიის მეწილეები კი არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კომფორტი 2015“ (კომპანიის 100%-ს სამსონ დალაქიშვილი ფლობს), ირმა გირგვლიანი, ოლგა მაიბოროდა (უკრაინის მოქალაქე) და ქეთევან ნათელაშვილი.