მომხმარებელთა გამოხმაურება აუცილებელია ნდობის დასამყარებლად და ახალი კლიენტების მოსაზიდად. როდესაც ახალი რესტორნის გატესტვა გვინდა, პირველ რიგში, მიმოხილვებს ვკითხულობთ. თუ Google-ში 4+ ვარსკვლავი წერია და ხალხს მოსწონს, ჩვენც ნდობა გვიჩნდება. უფრო დაბალი რეიტინგის შემთხვევაში, სხვა რესტორნის ძებნას დავიწყებთ. ეს გამოცდილება ვრცელდება ნებისმიერ ბიზნესზე, არამხოლოდ რესტორნებზე.
კვლევებზე დაყრდნობით, მყიდველთა 77% იღებს გადაწყვეტილებას შეფასებებითა და მიმოხილვებით,ხოლო მომხმარებელთა 69% ამბობს, რომ ისინი უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს ბიზნესის მიმართ, როდესაც ეს მიმოხილვები დადებითია.
ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სანამ მომხმარებელი საჯაროდ დაუწერს შეფასებას, იქამდე გაიგოს მისი აზრი. ამის გაკეთება ბევრნაირი მეთოდით შეიძლება და არსებობს შესაბამისი ხელსაწყოებიც, თუმცა არსებობს მარტივი, ე.წ. შინაურული მეთოდიც, როცა პირდაპირ სთხოვთ თქვენს მომხმარებელს, გაგიზიაროთ შთაბეჭდილება პირად შეტყობინებაში ან ელფოსტით.
არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ბიზნესი გაქვთ თუ დიდი კომპანია, მომხმარებლის უკუკავშირი ახალი კლიენტების მოზიდვასა და თქვენი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ და როდის უნდა მოითხოვოთ რეკომენდაციებიასევე, როგორ გავხადოთ ეს პროცესი მარტივი და მიმზიდველი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი მომხმარებლებისთვის.
სწორი დრო შეარჩიეთ
რეკომენდაციის მოთხოვნის დრო დამოკიდებულია თქვენს ბიზნესსა და მომხმარებლის გამოცდილებაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კითხვის დასმის დრო მას შემდეგ უნდა დაადგინოთ, რაც თქვენს კლიენტს დადებითი გამოცდილება ექნება. მომსახურებაზე დაფუძნებული ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა მარკეტინგი და კონსულტაცია, განიხილეთ რეკომენდაციების მოთხოვნის გაგზავნა კვარტლის ან წლის ბოლოს, როდესაც მომხმარებლები ფიქრობენ თავიანთ წარმატებაზე და გეგმავენ მომავალს. ასეთ დროს, მომხმარებლები უფრო მეტად აცნობიერებენ თქვენი მომსახურების გავლენას.
განსაზღვრეთ, გსურთ ავტომატიზაციის გამოყენება თუ მოთხოვნების ხელით გაგზავნა
რეკომენდაციების მოთხოვნების გაგზავნა შესაძლებელია ხელით ან ავტომატიზაციით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის ტიპზე და მომხმარებლებთან არსებულ ურთიერთობებზე. ზოგადად, პერსონალურ გამოკითხვებს დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდისთვის, თუმცა ის უფრო მოსახერხებელია პატარა ბიზნესის შემთხვევაში. ამ დროს მომხმარებლები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, გამოთქვან თავიანთი უკუკავშირი, როდესაც მოთხოვნა იმ ადამიანისგან მოდის, რომელსაც იცნობენ და ენდობიან.
მიეცით მომხმარებლებს მიზეზი, რომ თქვან „კი”
თუ გსურთ, რომ ადამიანებმა თქვენი რეკომენდაციის მოთხოვნის ელფოსტა გახსნან და მოქმედება განახორციელონ, სათაურად კარგი მიზეზი უნდა მიუთითოთ.
პროფესიონალები გვირჩევენ, რომ ლოიალობის ქულები შესანიშნავი სტიმულია რეკომენდაციისთვის, თუმცა, ასევე, შეგიძლიათ განიხილოთ სასაჩუქრე ბარათები, ფასდაკლებები ან კომპანიის სუვენირები. ამის მიუხედავად, ყველა ბიზნესისთვის არ არის მიზანშეწონილი ამ ტიპის შეთავაზება. თუ თქვენც ამ სიაში ხართ, ცადეთ, დაწეროთ ავთენტური, დამაჯერებელი რეკომენდაციის მოთხოვნა, რომელიც კლიენტებს აუხსნის, თუ რამდენად ეხმარება მათი გამოხმაურება და რატომ არის მათი აზრი მნიშვნელოვანი.
მათთვის ამოცანის გასაადვილებლად, შესთავაზეთ მრავალი ვარიანტი
რეკომენდაციების მოთხოვნები არ უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონული ფოსტის ფორმატი. ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება ურჩევნია ზარის განხორციელება ან მოკლე ვიდეოს გადაღება, სადაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებს. რეკომენდაციების ფართო სპექტრის შეთავაზებით, თქვენ საშუალებას აძლევთ კლიენტებს გამოხატონ საკუთარი თავი კომუნიკაციის ყველაზე კომფორტული ფორმით, რაც ამცირებს უთანხმოებას და იწვევს მეტ რეკომენდაციას.
დასვით მარტივი კითხვები
მომხმარებლებისგან ღირებული პასუხების მისაღებად სწორი კითხვების დასმა ყველაზე მნიშვნელოვანია. კითხვები ისეთი არ უნდა იყოს, რომ მშრალად მხოლოდ „ჰო” ან „არა” გიპასუხონ. ეცადეთ, მარტივი, სახალისო და დამაფიქრებელი კითხვები შესთავაზოთ, რომლითაც გააზიარებენ თავიანთ ისტორიას და თქვენი ბიზნესის წინ წაწევაში დაგეხმარებიან.
არ არსებობს კითხვების ერთიანი წესი, რადგან ბიზნესები განსხვავდება და ისინი უნდა მოიცავდეს პროდუქტების ან მომსახურების დეტალებს.
მოამზადეთ რეკომენდაციების გვერდი თქვენს ვებსაიტზე
ძალიან კარგი ტონია ვებსაიტზე რეკომენდაციების გვერდის გამოყოფა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომსახურებაზე დაფუძნებული კომპანიებისთვის, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ, წაიკითხონ სხვების რეკომენდაციები.
მომხმარებელთა გამოხმაურებები თქვენი მამოძრავებელი ძალაა. მათი რეკომენდაცია თქვენს ბიზნესს ბევრად წარმატებულს ხდის და ამის გარეშე, მხოლოდ მარკეტინგული აქტივობები და სოციალურ ქსელებში ლამაზი ფოტოების დადება არ არის საკმარისი.
ბოლო რჩევად გეტყვით, რომ რეკომენდაციების ან შეფასების მოთხოვნა მომხმარებლისაგან, ყოველთვის ყველაფერი დადებითის ჩამოთვლას არ გულისხმობს. შეიძლება მომხმარებელმა თქვენი პროდუქტის ნაკლიც აღნიშნოს და ეს არანაკლებ დაგეხმარებათ, რადგან გეცოდინებათ, რის გაუმჯობესებაზე იმუშაოთ სამომავლოდ.