2026 წლიდან ე.წ. თეთრ სიასთან დაკავშირებული ცვლილებების ეტაპი იწყება, 2029 წლისთვის კი ეს მექანიზმი სრულად უნდა გაუქმდეს.

რამდენად არის სამშენებლო სექტორი ცვლილებებისთვის, რადიო „კომერსანტის“ ეთერში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ზვიად თოიძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე თვის წინ მოხდა, რაც კომპრომისული ვარიანტი იყო, რადგან თავდაპირველად საუბარი ეხებოდა „თეთრი სიის“ საერთოდ გაუქმებას, რასაც არ ეთანხმებოდა სექტორი და ასევე, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია.

„ამ ეტაპზე „თეთრი სიის“ გაუქმება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, სექტორისთვის პრობლემებს გამოიწვევდა, რადგან კომპანიები ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებდნენ და ყველა მხარე დაზიანდებოდა. ეს გაიგო სახელმწიფომ და კომპრომისული ვარიანტი მიიღო. ახალი მოდელის  თანახმად, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით“, - აცხადებს ზვიად თოიძე.

ზვიად თოიძე აღნიშნავს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა კომპანიები 2029 წლამდე ლიკვიდურობის დონის ამაღლებას. ამ ეტაპზე კი სექტორი სახელმწიფოსთან ერთად საკითხებზე აქტიურად მუშაობს და როგორც ირკვევა, კონკრეტული ძვრებიც არსებობს.

„მაგალითად, ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიტიური მოვლენები ვითარდება და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ისეთი ფასთა სისტემა, რომელიც საბაზროსთან იქნება მიახლოებული. ასევე, საუბარია ხელშეკრულების გადახედვაზე და ისეთი ხელშეკრულების მომზადებაზე, რომელიც იქნება დაბალანსებული როგორც დამკვეთისთვის, ასევე, კონტრაქტორისთვის. ეს რეფორმები რაც უფრო მალე განხორციელდება და რეფორმები ნამდვილად საჭიროა, მით მეტად მალე მოხერხდება, რომ კომპანიებმა ლიკვიდურობა აიმაღლონ და „თეთრი სია“ აღარ დასჭირდეთ. რეფორმების გარეშე სამშენებლო კომპანიებს გაუჭირდებათ 2029 წელს „თეთრი სიის“ გაუქმების პირობებში, ტენდერებში ჩაერთონ“, - აცხადებს ზვიად თოიძე.