აზარტული თამაშების ტრანზაქციების წილი საქართველოში შემცირების მიუხედავად, კვლავ ძალიან მაღალია მთლიან ონლაინ ტრანზაქციებში. ინფორმაცია სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის შესახებ, ISET-ისა და PMC-ის კვლევაშია გამოქვეყნებული, სადაც გაანალიზებულია 2021-2022 წლების მონაცემები.

მიმოხილვის მიხედვით, 2022 წელს აზარტული თამაშების წილი მთლიან ელექტრონულ კომერციულ ტრანზაქციებში იყო 58.1%, ხოლო 2021 წელს 70.5%.

„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რეფორმები რომლებიც გატარდა იყო მედიის სარეკლამო ბაზრის შემცირებისკენ მიმართული და არა იმისთვის, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა შემცირებულიყო, სწორედ ამიტომ ვერ გამოიღო მან რეალური შედეგები და მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება.

აზარტული თამაშების წილი მთლიან ელექტრონულ კომერციულ ტრანზაქციებში მაღალია მიუხედავად იმისა, რომ შემცირების ტრენდი აქვს, ეს აჩვენებს, რომ რეფორმამ და აკრძალვების შემოღებამ მნიშვნელოვანი შედეგი ვერ გამოიღო და მოქალაქეები კვლავ დაკავებულები არიან აზარტული თამაშებით, რაც ხშირ შემთხვევაში მთავრდება გაღარიბებით, ვალის ტვირთში აღმოჩენით და ა.შ. საბოლოოდ ამ ადამიანებს პრობლემები ექმნებათ ბანკებთან ურთიერთობაში, ეზრდებათ ვალები, ამიტომ იმისთვის, რომ რეალური შედეგი მიგვეღო არ იყო აუცილებელი აკრძალვების შემოღება.

ამ მიმართულებით მსოფლიოს მაგალითებს თუ გადავხედავთ, ძირითადად არის საგანმანათლებლო პროგრამები ან სრულად აკრძალვა, რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები, რომელიც მოიცავს იმას, რომ მთავრობამ თან შემოსავალი მიიღოს სათამაშო ბიზნესისგან და თან არ შეზღუდოს ბოლომდე, ასე არ გამოდის. სამწუხაროდ ის რეფორმები რომლებიც გატარდა იყო მედიის სარეკლამო ბაზრის შემცირებისკენ მიმართული და არა იმისთვის, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა შემცირებულიყო.

გარდა ამისა, გვახსოვს ყველას, რომ სათამაშო ბიზნესების ნაწილმა საკუთარი ბარათებიც კი გამოუშვეს, რომელიც ეხმარებოდა იმ ადამიანებს ვისაც არ სურდა გამოჩენილიყო ბანკში და ისე განეხორციელებინა გადარიცხვები, რადგან ბანკები ძირითადად უარს ეუბნებიან თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს და სიფრთხილით ეკიდებიან მათ მიერ განხორციელებულ გადარიცხვებს, ასევე არ უმტკიცებდნენ სესხებს, რადგან დიდია ალბათობა, რომ ეს კრედიტები ვერ დაბრუნდეს. სათამაშო ბიზნესების მხრიდან სწორედ ამიტომ იყო გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც საკუთარი ბარათების გამოშვებას გულისხმობს. 

სათამაშო ბიზნესის ირგვლივ არსებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით და ისეთი ცვლილებებით, რომელიც ამ ბიზნესს კი არ შეზღუდავს, არამედ შეზღუდავს მედიას, იქნება მხოლოდ პოლიტიკურ მოკლევადიან შედეგებზე გათვლილი. ეს აჩვენა კიდეც შედეგებმა, რადგან თუ ადამიანი თამაშზეა დამოკიდებული, ის ყველა გზას მოძებნის, რომ როგორმე გააგრძელოს“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.

საქართველოს პარლამენტის მიერ, 2021 წლის დეკემბერში აზარტული თამაშების ახალი შეზღუდვების დამტკიცების შემდეგ, აზარტული თამაშების ტრანზაქციებს უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდა. წლიურად, ტრანზაქციების რაოდენობა 14.5%-ით შემცირდა, ღირებულება კი 9.6%-ით.