მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ცხოველის საკვების მწარმოებლებისთვის ამოქმედდება რეგულაცია, რომლის მიზანიც მომხმარებლების საშიში ტოქსინისგან დაცვაა.

საუბარია აფლატოქსინზე, რომელიც, სპეციალისტების განმარტებით, ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს, ორგანიზმში კი რძისა და რძის პროდუქტების საშუალებით ხვდება. რძეში კი თავის მხრივ, ცხოველის მიერ მოხმარებული დაბინძურებული საკვებიდან გადადის.

რეგულაციის მიხედვით, 2024 წლის 1 ივლისიდან აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით გოდერძიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ  ბოლო პერიოდში რძესა და რძის პროდუქტებში ამ ნივთიერების აღმოჩენის ფაქტები გახშირდა. კერძოდ, 2022 წელს ამ ნივთიერების აღმოჩენის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს კი - 14. სწორედ ამან დააყენა დღის წესრიგში რეგულაციების შემოღების აუცილებლობა.

„ბოლო ხანებში გამოკვლევებით დადგინდა, რომ იზრდება რძეში აფლატოქსინის შემცველობის შემთხვევები. აფლატოქსინი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტოქსინი, ამიტომ საჭირო გახდა ახალი რეგულაციის მიღება, რათა გაგვეკონტროლებინა ცხოველის საკვებში აფლატოქსინის არსებობა.

ესაა ორგანული ნაერთი, რომელიც გამოიყოფა ობის სოკოების მიერ და ის დიდ ზიანს აყენებს ცხოველის ჯანმრთელობას. ცხოველიდან მეტაბოლიზმის შედეგად, რძეში გამოიყოფა, რასაც შემდეგ მომხმარებელი ღებულობს როგორც რძის, ისე რძის ნაწარმის სახით,“ - აღნიშნა დავით გოდერძიშვილმა.

მისივე განმარტებით, ესაა ძალიან საშიში ტოქსინი, რომელიც ღვიძლის, თირკმლის, საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული სისტემის დაზიანებას იწვევს, რადგან არის ძლიერი კანცეროგენული ნივთიერება, რომლის დიდი რაოდენობით მიღება კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ რძის ან რძის პროდუქტებიდან შეიძლება მოხვდეს.

გოდერძიშვილის განმარტებით, აფლატოქსინი წარმოიქმნება საკვების შენახვის პირობების დარღვევით. ესაა ნესტიანი გარემო, ასევე სხვადასხვა მწერებით დაბინძურება, რის  შედეგად ჩნდება ობი, საიდანაც აფლატოქსინი წარმოიქმნება.

დავით გოდერძიშვილის ინფორმაციით, რეგულაციების ამოქმედებამდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის ყველა რეგიონში 20-მდე შეხვედრა ჩაატარა 200-ზე მეტ ბიზნესოპერატორთან. შეხვედრებზე მათ განემარტათ ის პირობები, რომელთა დაცვა ცხოველთა საკვების შენახვისა და ტრანსპორტირებისთვისაა აუცილებელი.

კერძოდ, მთავარი პირობაა, საკვები არ ინახებოდეს ტენიან გარემოში, დაცული უნდა იყოს ვენტილაცია, ასევე შენახვისა და ტრანსპორტირებისას საკვები მწერებისგან დავიცვათ, მის სიახლოვეს დასუფთავების სველი წესი არ გამოვიყენოთ და ა.შ.

რაც შეეხება რეგულაციის აღსრულებას, მას სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. მისი სპეციალისტები აიღებენ ცხოველის საკვების ნიმუშებს, გამოიკვლევენ მათ და აფლასტოქსინის ზღვრული ნორმის დარღვევის შემთხვევაში ამ პროდუქტის რეალიზაცია აიკრძალება.

კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში 1000-ლარიანი ჯარიმა იმოქმედებს, დარღვევის გამეორებაზე კი 5-ჯერ დიდი ჯარიმაა გათვალისწინებული.

სააგენტოს თანამშრომლები პირველი ნიმუშების ასაღებად რეგიონებში 1 ივლისიდან გავლენ. იგეგმება 80 ნიმუშის აღება, რომელთა შემოწმების შედეგები სექტემბრისთვის გახდება ცნობილი.

შემოწმებას დაექვემდებარებიან არა მხოლოდ ბიზნესოპერატორები, არამედ საოჯახო მეურნეობებიც, რადგან ისინიც აბარებენ რძეს სარეალიზაციოდ და, შესაბამისად, არსებობს დიდი რისკი, რომ ამ პროდუქტის საშუალებით საშიში ტოქსინი ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს.

დავით გოდერძიშვილის თქმით, საკვების მწარმოებლები რეგულაციას გაგებით მოეკიდნენ, რადგან მათ აუხსნეს, რამდენად დიდ რისკებთანაა დაკავშირებული აღნიშნულ ნივთიერების ცხოველისა და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა.

jandacva.ge