2023 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან უცხოეთში 1.96 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 23.6%-ით მეტია. იანვარ-აპრილში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (280.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (261.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (226.2 მლნ. აშშ დოლარი). რუსეთში საქართველომ ექსპორტი 45%-ით გაზარდა.
რატომ ვერ ახერხებს ქართული ბიზნესი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და რეალურად როგორ იყენებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომელიც თითქმის 9 წლის განმავლობაში გვაქვს, ამ თემაზე „კომერსანტთან“ Nuts.ge-ს დამფუძნებელმა მამუკა ბერიაშვილმა ისაუბრა.
„კომპანიის გაყიდვების 50% ევროკავშირზე მოდის, ხოლო დანარჩენი ნახევარი, მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე. ვცდილობთ ერთ ბაზარზე დამოკიდებული არ ვიყოთ, რადგან თხილი პრემიუმ პროდუქტია, რომელიც რეაგირებს ყველა საგარეო თუ საშინაო შოკზე. შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ვაფართოებთ ჩვენს გაყიდვებს, რადგან გამოწვეულმა პრობლემებმა მოგებაზე არ იმოქმედოს.
ევროკავშირის ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის განხორციელება არც ისე მარტივია ქართული კომპანიებისთვის. კვების პროდუქტებში, უამრავი ბიუროკრატიული დაბრკოლებაა, აქ საუბარია სურსათის უვნებლობის ნორმების რეგულაციებზე, რომელთა შორისაა ტოქსინების დონის კონტროლი, რასაც ზოგიერთი სასაზღვრო ქვეყანა უხეშად იყენებს და გვიწევს ყველა ტვირთის შემოწმება. ეს იწვევს დამატებით ხარჯებს. გამოსავალი არის ის, რომ ევროკავშირის საზღვრების სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელ ორგანოებსა და ქართულ ორგანოს შორის კომუნიკაცია შედგეს და იქნეს მოძიებული პრობლემის გადაჭრის გზები. გარდა ამისა, ბიზნესისთვის საჭიროა პირველ რიგში იაფი ფული, იაფი საბრუნავი კაპიტალი“, - ამბობს მამუკა ბერიშვილი.
„საქსტატის“ ინფორმაციით, თხილი საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორისაა. გასულ წელს საქართველომ თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტისგან 118 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.