ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადი 1-ელი მარტის შემდეგაც გაგრძელდება. როგორც "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის გვერდზე რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს.

"კონსულტაციები დასრულებულია. ხვალ ან ზეგ აიტვირთება დოკუმენტი. დილით სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან კომუნიკაცია მქონდა და დასტური მივიღეთ, რომ პირველი მარტიდან გაგრძელდება მანამ, სანამ დარგს დასჭირდება. ეს დამაბალანსებელი გადასახადი იმისკენაა მოწოდებული, რომ სიტუაცია დაბალანსდეს და ფქვილის იმპორტის მკვეთრი ზრდა არ მივიღოთ", - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაგრძელების შემდეგ, ლევან სილაგავა რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდას არ ელის. მისი თქმით, წისქვილები მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს.

"წისქვილები მუშაობას საშტატო რეჟიმში გააგრძელებენ და ივლისში, როცა ადგილობრივი ხორბლის მოსავალი იქნება, უპრობლემოდ ჩავიბარებთ. შარშან მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ უდიდესი დადებითი ეფექტი მოიტანა და ბაზარი დაასტაბილურა", - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

2023 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტის მოცულობა გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 57 მილიონ 673 ათასი დოლარის ღირებულების 222 061 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლის იმპორტის მოცულობის 20.6%-იანი ზრდის მიუხედავად, ღირებულება წლიურად 11.1%-ით შემცირდა, რაც მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებამ განაპირობა.

bm.ge