რა ვითარებაა იმ ინვესტიციებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელს უნდა განეხორციელებინა. ამასთან დაკავშირებით მედიის დასმულ კითხვებს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა.
სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიასთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ HG Capra Caucasica-ს რაჭაში საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა, თუმცა აღნიშნული ვალდებულებები შესრულებული არაა.
„რაც შეეხება რაჭას, კიდევ ერთხელ მინდა რომ განვმარტო, ტყის გადაცემა და გასხვისება არ ხდება, როდესაც საუბარია სამონადირეო მეურნეობის განვითარებაზე. სანადირო ლიცენზია ნიშნავს ნადირობის, როგორც ბუნებრივი რესურსის მოპოვების უფლების გადაცემას კონკრეტული ვალდებულებების სანაცვლოდ. ეს იყო სანადირო საქმის განვითარებისთვის დაინტერესებულ ინვესტორს შეიძლება მიეცეს კონკრეტულ არეალზე სანადირო უფლება. ეს ითვალისწინებს პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს ინვესტორის მხრიდან. ეს არაა მარტივი, საკმაოდ დიდი ინვესტიციები უნდა განხორციელებულიყო და სამწუხაროდ, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ვალდებულებები არ შესრულდა, ამიტომ ისინი იწყებენ სამართლებრივ პროცესს, რაც ასევე ბუნებრივია”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა რიყის ე.წ. დოქებზეც. ობიექტი დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2022 წლის მარტში შეიძინა და ის ვალდებული იყო 36 თვის ვადაში ადგილზე ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანიას ამ ვალდებულებების შესასრულებლად დრო ჯერ კიდევ აქვს.
“რაც შეეხება დოქებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ინვესტორი, ნებისმიერ შემთხვევაში მას მოეთხოვება იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც სახელმწიფოსთან გააჩნია. ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში ჩვენ მოგვიწევს იმ სანქციების ამოქმედება და გამოყენება, რომელიც გვაქვს. ჯერჯერობით ვადა არის,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელის სახელს უკავშირდება სანატორიუმ „ლიბანის“ და კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაციაც, რომელიც 2021 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ინვესტორმა ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დადგენილ ვადებში პანდემიის გამო ვერ შეძლო. მიმდინარე წლის ზაფხულში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ხიდაშელის კომპანია სანატორიუმი „ლიბანის“ და კურორტ „ახტალას“ მშენებლობას იწყებს. რა ეტაპზეა მშენებლობა და როდის იგეგმება დასრულება ჯერჯერობით უცნობია.
შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ 100 %-ს შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ ფლობს. ეს კომპანია საქართველოში 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული. ჰყავს ორი დირექტორი - კახა ამისულაშვილი და რევაზ მაისურაძე, წილს კი მთლიანად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Global Victory Investments Limited-ი ფლობს, რომლის მესაკუთრეები დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი არიან. დავით ხიდაშელი რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირია.