სანატორიუმ „ლიბანის“ და კურორტ „ახტალას“ მშენებლობის დაწყებას ბიზნესმენი დავით ხიდაშელი სექტემბერში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ ბიზნესმენმა დაუდასტურა, თუმცა ხიდაშელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
ხუთი წლის წინ საქართველოს მთავრობამ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი ობიექტი სანატორიუმი „ლიბანი“ და კურორტი „ახტალა“ არაბთა საამიროებში რეგისტრირებულ კომპანია შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას“ აუქციონის გზით მიჰყიდა.
რეესტრის მიხედვით, კურორტების ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ი, ხოლო დირექტორი, ირაკლი ხუჭუაა, რომელიც საქართველო-რუსეთის მოქალაქეა. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.
2018 წლის მარტში კონკურენციის პირობებში 22 ბიჯით აუქციონზე 1 003 000 ლარად კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილი „სანატორიუმი ლიბანი“ გაიყიდა.
„რამდენიმე წელიწადში დამსვენებლებს მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში – ამპირის სტილში აშენებული, განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სულ მცირე 70 ნომრის მქონე სასტუმრო უმასპინძლებს. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება რესტორანი, ღია და დახურული ტიპის აუზი და 40 ავტომობილზე გათვლილი საკუთარი ავტოსადგომი. სასტუმროს მოსაწყობად ინვესტორი 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს“, - აცხადებდნენ ეკონომიკის სამინისტროში და დასძენდნენ, რომ კომპანიას ამისათვის 48 თვიანი ვადა აქვს, 2021 წლის გაზაფხულზე კი სასტუმრო კომპლექსი ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო.
სამი თვის შემდეგ, ივნისში, უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ქონების ეროვნულმა სააგენტომ 3 760 000 ლარად გაყიდა.
„მალე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 12 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განმარტავდნენ სამინისტროში და კურორტის რეაბილიტაციის დასრულებას 2-3 წელიწადში ელოდნენ.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, კურორტების მშენებლობის დაგვიანების მიზეზი პანდემია იყო, რის გამოც ინვესტორმა ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დადგენილ ვადებში ვერ შეძლო.