თბილისში, წერეთლის გამზირზე ცნობილი ე.წ. მეორადების შენობის დემონტაჟის შემდეგ, ტერიტორიაზე შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. დედაქალაქის მთავრობასთან მრავალჯერ შეცვლილი პროექტი უკვე შეთანხმებულია, რომლის დასრულებას ჯამში 4 წელი დასჭირდება.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე რამდენიმე წელიწადში 25 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება.

„მშენებარე ობიექტი – საცხოვრებელი სახლია, საერთო ფართობით 31626,70მ2, არქიტექტურულ-მოცულობითი და კონსტრუქციული გადაწყვეტით საშუალო კატეგორიისაა სირთულის მიხედვით. 

სადემონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დროის გათვალისწინებით 12 თვის ოდენობით, ვნიშნავთ მშენებლობის საერთო ხანგრძლივობას 48 თვე.

მრავალფუნქციური კომპლექსის ინფრასტრუქტურის განვითარება (შენობები, გზები, ქსელები), როგორც ყველაზე ოპტიმალური სივრცე ყველა გეგმარებითი შეზღუდვის გათვალისწინებით. დარჩება სარეკრეაციო ზონები.

საპროექტო შენობა წარმოადგენს გრგ-ში შეთანხმებული კომპლექსის  I სამშენებლო ეტაპს. (I ბლოკი) და იგი, 5456 კვ.მ მიწის ფართობზე ვითარდება. ჯამური მიწის ნაკვეთის ფართობია 14708 კვ.მ შენობა 25 მიწისზედა და 2 მიწისქვეშა სართულისგან შედგება.

მიწისქვეშა 2 სართული დაეთმობა ავტოსადგომებს. კორექტირებული პროექტის მიხედვით, მიწისზედა 1 სართული დაეთმობა კომერციულ ფართს. 2 სართულის ნაწილი დაეთმობა სპას და ნაწილი ოფისებს. მე-3-ე, მე-4-ე და მე-5-ე სართულებზე სრულად განთავსდება საოფისე ფართები. 6 სართულის ნაწილი ეთმობა ოფისებსა და ბინებს ხოლო მე-7-ე სართულიდან 25-ე სართულის ჩათვლით განთავსდება ბინები.

აღნიშნული შენობის კ2 კოეფიციენტია - 25476.7 კვ.მ. საცხოვრებელი ნაწილის კ2 - 16891.3 კვ.მ. კომერციულის ნაწილის კ2 – 8585.4 კვ.მ“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

შპს „გლობალური ტექნოლოგიების“ დირექტორი ალექსანდრე კირვალიძეა, კომპანიის მეწილეები კი არიან: ხათუნა სარიშვილი, გოდერძი გაბისიანი, ნიკოლოზ მაღლაფერიძე, იზოლდა უკლება, მამუკა კაკულია, მერაბი კაკულია, მიხეილ ჩხარტიშვილი, ნათია ახობაძე.