საქართველო - ქვეყანა, რომელიც მდიდარია ჰიდრორესურსებით, უკვე რამდენიმე ათწლეულია განიხილავს ჰიდროელექტროსადგურების (ჰესების) მშენებლობას, როგორც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას. ნამახვანჰესი, ხუდონჰესი და ნენსკრაჰესი სწორედ ის პროექტებია, რომლებსაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი შედეგი უნდა მოეტანა. თუმცა, ამავე დროს, თითოეული მათგანი არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი დისკუსიისა და დაპირისპირების საგანი. შედეგად, მათი განხორციელება სხვადასხვა პერიოდში შეჩერდა.
მაგალითად, ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა და უარი თქვა 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესის მშენებლობაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში აქტიურად ეწინააღმდეგებოდა აქტივისტების ჯგუფი. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანია პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორულ გარემოებებს ასახელებდა.
ანალოგიური პროტესტი უკავშირდება ხუდონჰესის მშენებლობასაც. კერძოდ, მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში პროექტის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე თბილისიდან და სამეგრელოდან ჩასული აქტივისტები პროექტის სრულად შეწყვეტას ითხოვდნენ. საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ნენსკრაჰესის მშენებლობასაც, რომელიც, ისევე როგორც სხვა ორი პროექტი, ამ ეტაპზე შეჩერებულია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი მსხვილი პროექტების შეჩერებამ ერთის მხრივ, უარყოფითად იმოქმედა საინვესტიციო გარემოზე, თუმცა პარალელურად, აუცილებელია ციფრებით შეფასდეს ის პოტენციური სარგებელი, რაც ქვეყანას ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში ექნებოდა.
ნამახვანჰესის აშენების შემთხვევაში, საქართველო არა მხოლოდ გაზრდიდა ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, არამედ შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას. ნამახვანჰესის კასკადი, რომელიც ქვემო ნამახვანის (333 მგვტ) და ზემო ნამახვანის (100 მგვტ) მშენებლობას მოიცავდა, წლიურად 1.5 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებდა. ეს მოცულობა ქვეყნის წლიური მოხმარების დაახლოებით 10-12%-ს შეადგენდა და მნიშვნელოვნად შეამცირებდა იმპორტის საჭიროებას, რითაც გაიზრდებოდა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა.
რაც შეეხება ხუდონჰესსა და ნენსკრაჰესს, საბოლოო საპროექტო მონაცემების მიხედვით, ხუდონჰესს უნდა გამოემუშავებინა 1.5–1.7 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია, ხოლო ნენსკრაჰესს - 1.2 მილიარდი კილოვატსაათი.
ჯამში, სამივე პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო შეძლებდა ყოველწლიურად დამატებით მილიარდ კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ეს, თავის მხრივ, არა მხოლოდ იმპორტის შემცირების საშუალებას მოგვცემდა, არამედ ექსპორტის გაზრდის პოტენციალიც გაჩნდებოდა.
გარდა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ზრდისა, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვასა და დასაქმების ზრდას. მაგალითად, მხოლოდ ხუდონისა და ნესკრას პროექტების განხორციელებისას საქართველოში დაახლოებით 2.2–2.5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდოდა. რაც შეეხება დასაქმებას, სამივე პროექტის ფარგლებში შეიქმნებოდა დაახლოებით 4-5 ათასი დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილი.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ამ სამი მსხვილი პროექტის ჯერჯერობით არ განხორციელებამ ქვეყანას მრავალმხრივი სარგებელი დააკარგვინა. თუმცა ფაქტი ერთია: საქართველოს მთავარი გამოწვევა კვლავ ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაა, და ამ პროცესში ნამახვანის, ხუდონისა და ნენსკრას პროექტებს ლომის წილი უკავიათ. ენერგოდამოუკიდებლობა კი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელიც კვლავ აქტიურად უნდა იდგეს დღის წესრიგში.