სოციალურ ქსელებში აქტიურობა ბევრ კრეატიულ ადამიანს ერთდროულად ორ ურთიერთსაპირისპირო განცდას უჩენს – ერთი მხრივ, სურთ, რომ მათი ნამუშევრები და იდეები მეტმა ადამიანმა ნახოს, მეორე მხრივ კი, საჯაროობისგან იღლებიან და უკან დახევა უნდებათ.

კრეატიული სფეროს სპეციალისტების თქმით, ეს სრულიად ბუნებრივი მდგომარეობაა და მასთან გამკლავების გზებიც არსებობს.

შიში შემოქმედებითი პროცესის ნაწილია

დიზაინერები, ილუსტრატორები თუ სხვა კრეატიული პროფესიის ადამიანები ყოველდღიურად სხვის ნამუშევრებს აფასებენ და აანალიზებენ. სწორედ ამიტომ, როდესაც საკუთარი იდეების გაზიარების დრო დგება, მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სხვებიც იმავეს გააკეთებენ.

თუმცა ხშირად ეს შიში რეალობას არ შეესაბამება. მაგალითად, სოციალურ ქსელებში ალგორითმების გამო თქვენი პოსტი შესაძლოა აუდიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილმა ნახოს, მაშინ როცა თქვენ გეჩვენებათ, თითქოს ყველას ყურადღების ცენტრში ხართ.

ხილვადობა არ ნიშნავს ყოველდღიურ აქტიურობას

ექსპერტები ამბობენ, რომ ბევრი კრეატორი შეცდომით ფიქრობს, თითქოს წარმატებისთვის ყოველდღიურად გამოჩენა აუცილებელია.

რეალურად, ბევრად მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის პოვნა, რომელიც თქვენთვის კომფორტულია. ვიღაცისთვის ეს ღონისძიებებზე დასწრებაა, ვიღაცისთვის ბლოგპოსტების წერა, პოდკასტები ან, უბრალოდ, ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომლებიც ავტორის მუდმივ თვითპრეზენტაციას არ საჭიროებს.

დააწესეთ საზღვრები

სოციალურ ქსელებში მუდმივად ყოფნა შემოქმედებით ენერგიას ხშირად უფრო ამცირებს, ვიდრე ზრდის.

ამიტომ სასარგებლოა პირადი წესების შექმნა, მაგალითად, განსაზღვროთ დღეები, როდესაც კონტენტს ამზადებთ და დღეები, როდესაც საერთოდ არ იყენებთ სოციალურ ქსელებს. ასეთი „ციფრული შესვენებები“ გრძელვადიან პერსექტივაში გადაღლას ამცირებს.

გამიჯნეთ პირადი ცხოვრება და პროფესიული იმიჯი

კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ საკუთარი ნამუშევრების გაზიარება არ ნიშნავს საკუთარი ცხოვრების ყველა დეტალის საჯაროდ გამოტანას.

შესაძლებელია იყოთ ხილული, აქტიური და, ამავდროულად, შეინარჩუნოთ პირადი სივრცე. პროფესიული ავტორიტეტის შესაქმნელად აუცილებელი არ არის მუდმივად საკუთარ თავზე საუბარი.

ნუ ეცდებით ყველას მოეწონოთ

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში კრიტიკაა, თუმცა სპეციალისტების აზრით, შეფასებას მაინც ვერ გაექცევით.

ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი ღირებულებებისა და ხედვის ერთგულება, ვიდრე იმის მცდელობა, რომ ყველას მოწონება დაიმსახუროთ. ადამიანები, ვისთვისაც თქვენი ნამუშევარი და იდეები მართლაც მნიშვნელოვანია, დროთა განმავლობაში მაინც იპოვიან თქვენამდე გზას.

დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხილვადობა

კრეატიულ სფეროში ხილვადობა სპრინტი არ არის, ეს უფრო მარათონია. მუდმივად სრული დატვირთვით მუშაობა ადრე თუ გვიან გადაღლამდე მიგიყვანთ.

სწორედ ამიტომ, პერიოდული პაუზები, ენერგიის აღდგენა და საკუთარი ტემპის პოვნა არა სისუსტის, არამედ გრძელვადიანი წარმატების აუცილებელი პირობაა.

www.marketer.ge