1 კვ.მ. კერძო სახლის შავი კარკასის მშენებლობის საშუალო ფასი 180-დან 250 დოლარამდე მერყეობს, - ამის შესახებ სამშენებლო-სარემონტო კომპანია „აშენეს“ დამფუძნებელმა ამირან ფირცხალაიშვილმა „კომერსანტთან“ ისაუბრა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კერძო სახლების აშენებაზე გაზრდილი მოთხოვნა ნარჩუნდება და ამას ხელს ზაფხულის სეზონის მოახლოებაც უწყობს.
„კერძო სახლების მშენებლობაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. მოთხოვნა გაზრდილია ძირითადად ძვირად ღირებულ სახლებზე, მართალია ჩვენი სეგმენტი უფრო მაღალბიუჯეტური მშენებლობაა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაბალბიუჯეტურ კერძო სახლებზე მოთხოვნა შედარებით ნაკლებია.
თუ შავი კარკასის ფასი ძირითადად სტანდარტულია და 250 დოლარამდეა, იქიდან გამომდინარე რომ ძირითადად საშუალო და მაღალ სეგმენტზე ვმუშაობთ, რთულია თეთრი კარკასის ღირებულების დასახელება, აქ მნიშვნელოვანია კლიენტის გემოვნება და მისი სურვილები, ყველა პროექტები ინდივიდუალურია. შედარებით მარტივია უფრო ბიუჯეტური სახლების თეთრი კარკასის მშენებლობის ფასების დასახელება, სავარაუდოდ ამ შემთხვევაში ფასი 350-დან 400 დოლარამდე მერყეობს“, - ამბობს ამირან ფირცხალაიშვილი.
მისი თქმით, შავი კარკასის კომპლექტაციაში შედის საძირკველი, გარე კედლები დათბუნებული ბლოკით და გადახურვა. თეთრ კარკასში კი მოიაზრება კარ-ფანჯარა, კომუნიკაცია, გალესილი კედლები და მოჭიმული იატაკი.
2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით კერძო სახლების ფასები 11.6%-ით გაიზარდა.