პანდემიის დროს შექმნილი ქართული ბიზნესის „გეოდეს“  ხელნაკეთი ფეხსაცმელი ექსპორტისთვის ემზადება - ამის  შესახებ „კომერსანტს“„გეოდეს“ დირექტორმა თამარ ხაბრელაშვილმა უთხრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დაინტერესება  აშშ-სა და აზერბაიჯანის მხრიდან არის და მათ ბაზრებზე პროდუქცია წლის ბოლომდე გავა.  თამარ ხაბრელაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა მზარდია ადგილობრივ  ბაზარზეც.

„მოთხოვნა თითქმის ყოველთვე იზრდება, ახლა საზაფხულო მოდელებზე ვმუშაობთ და მალე გამოვუშვებთ. ასევე  ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ექსპორტის მიმართულებითაც, ჩვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, ერთ-ერთი  შემაფერხებელი  ფაქტორი არის ის, რომ 46 ზომა ფეხსაცმელს ითხოვენ, რომლებსაც ქარხანა არ ამზადებს, თუმცა  ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და ჩვენი პროდუქციის აშშ-ისა და აზერბაიჯანის ბაზარზე გატანას ვგეგმავთ“, - აღნიშნა თამარ ხაბრელაშვილმა.

ხაბრელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „გეოდე“ სექტემბერში მილანში გამოფენაზე იღებს მონაწილეობას, საიდანაც  საინტერესო სიახლეებს ელის. კომპანიის დირექტორის თქმით, მათი  ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ ნატურალური ტყავი და ძირები საქართველოში არ იყიდება და ამიტომ  მასალის თურქეთიდან შემოტანა უწევთ.

„თითოეული მოდელის დამზადება საკმაოდ დიდ  ხარჯებთან არის დაკავშირებული, ჩვენთან მასალები არ მოიპოვება ამიტომ თურქეთიდან გვიწევს შემოტანა, თვითონ მწარმოებლებიც დიდ შეკვეთას არ იღებენ და მცირე რაოდენობით გვაწვდიან, ამიტომ კოლექციას ხშირად ვერ ვაახლებთ, სამომავლოდ  ვგეგმავთ, რომ თურქული ტყავი იტალიური  ტყავით ჩავანაცვლოთ.“ - აღნიშნა თამარ ხაბრელაშვილმა.

„გეოდე“ ამ  ეტაპზე 25-ზე მეტ მოდელს აწარმოებს და სამომავლოდ ახალი მოდელების დამატებას აპირებს. ფეხსაცმლის ფასი 200-350 ლარის ფარგლებშია.