კომპანია „ჩაი აკეთი“ 5 წელზე მეტია, მწვანე და შავ ჩაის აწარმოებს.
ჩაის მწარმოებელი, სერგო გაგუა, რომელმაც წინაპრების დანატოვარი პლანტაცია აღადგინა, „კომერსანტთან“ ყვება, რომ ჩაის კულტურა სხვა მცენარეებისგან განსხვავებით მეტად გამძლეა და პარაზიტებისგანაც შედარებით დაცულია. ახლა სერგო გაგუას სხვა მცირე მეწარმეების მსგავსად, მოყვანილი მოსავლის რეალიზაცია უჭირს და ამბობს რომ ქართულ ჩაის ცნობადობა აკლია, ხარისხით კი კონკურენტებს ბევრად აღემატება.
მეჩაიეს ინფორმაციის სისწორეზე საქსტატის მონაცემებიც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, საქართველომ 2025 წელს 865 ტონა ჩაიში $3,6 მლნ გადაიხადა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი ქვეყანას $2,8 მლნ-ის ღირებულების 648 ტონა ჩაი ჰქონდა შეძენილი. საქართველოში ჩაის ძირითადი იმპორტიორები თურქეთი, რუსეთი და შრი-ლანკაა.
- თურქეთი - $137 ათასი, 270 ტონა;
- შრი-ლანკა - $966 ათასი, 187 ტონა;
- რუსეთი - $1,2 მლნ, 178 ტონა;
როგორც მეწარმე ამბობს ყველა საიმპორტო ქვეყანაში ჩაის წამლავენ და ბუზებზე ამუშავებენ, ქართული ჩაი კი, ფაქტობრივად, ბიო პროდუქტია.
,,ჩაი ისეთი კულტურაა, რომელსაც ვერც ყინვა აზიანებს, ვერც ქარი და ვერც ფაროსანა; ეს ყველაზე გამძლე მცენარეა. ჩვენი პრობლემა მარკეტინგი და გაყიდვებია, სხვა ჩაის არაფერი აზიანებს. მარტო მე კი არ მიჭირს პროდუქციის გაყიდვა, ყველა ასეა. ჩვენს ჩაის ცნობადობა აკლია, მარტო ერთი და ორი კაცი რომ ყიდის მოსავალს კარგად, ეს არაფერს არ ნიშნავს.
ჩვენს ოჯახს ჩაის პლანტაციები ჰქონდა, რომელიც 90-იან წლებში განადგურდა, აღვადგინეთ და ისევ ვაწარმოებთ ჩაის. ქართული ჩაი კონკურენტებს შორის ყველაზე კარგი ხარისხისაა. ყველა ქვეყანა წარმოების დროს შხამქიმიკატებს იყენებს, ჩვენ კი მსგავს არაფერს, მარტო აზოტი შეგვაქვს- ბიოჩაის ვაწარმოებთ, ფაქტობრივად.
ჩაის კრეფას მაისში ვიწყებთ და აგვისტომდე გრძელდება, პირველი მოსავალი უკვე ავიღეთ“,- აღნიშნა "ჩაი აკეთის" დამფუძნებელმა.