"ჯადოსნური ზღაპარი" წარმოების გურიაში გადატანას და მარტოხელა დედების დასაქმებას გეგმავს - ამის შესახებ „კომერსანტს“ საბავშვო ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „ჯადოსნური ზღაპრის“ დამფუძნებელმა ნინი მენაბდემ უთხრა, მისი სურვილი წარმოების გაფართოება და საბავშვო ავეჯის მწარმოებელი დიდი კომპანიის ჩამოყალიბებაა, გარდა ამისა მენაბდე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ რეგიონში არსებულ მცირე ბიზნესებთან კოლაბორაციასაც გეგმავს.
„მგონია, რომ ქართულ რეალობაში არ არსებობს მარტოხელა დედა, ქალი მეწარმე, რომელსაც სურს ქალაქიდან სოფელში გადაიტანოს წარმოება და იქიდან მოახდინოს პროდუქტის რეალიზება, პირველ რიგში საქართველოს მასშტაბით და შემდეგ საზღვრებს გარეთ. არა გურიის ტერიტორიაზე, არამედ თბილისშიც არ არის საბავშვო ავეჯის საწარმო ან თუნდაც ცალკეული მაღაზია და მინდა ეს ნიშა დავიკავო. თუ ამის ფინანსური ხელშეწყობა მექნება, მგონია, რომ აუცილებლად გაამართლებს. მთავარია ადამიანს უყვარდეს და სჯეროდეს იმის რასაც აკეთებს და დანარჩენი ადრე თუ გვიან გამოუვა. ამ 6 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გავიარე და დღემდე გავდივარ, მაგრამ არც ერთი წუთით არ მიფიქრია დანებება.“ - აღნიშნავს ნინი მენაბდე.
როგორც ნინი გვიყვება ამ დღეებში ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით ბევრ არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, თუმცა ჯერჯერობით გამოხმაურება არ ყოფილა.
„არადა მგონია რომ რეგიონების გამოცოცხლება და განვითარება მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს. სულ განვიცდიდი იმ ფაქტს რომ რეგიონებიდან სასწავლებლად წამოსული ახალგაზრდობა უკან აღარ ბრუნდება.
გურიის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მიტოვებული საწარმოა და სულ მეფიქრება რატომ არ შეგვიძლია ჩვენ თაობას ახალი სიცოცხლე და ფუნქციონირება შევძინოთ.
მე ამის დიდი მზაობა მაქვს, ადგილი უკვე ვიპოვე, სადაც შევძლებ სახელოსნოს მოწყობას, უბრალოდ სარემონტოა და ამ კუთხითაც მჭირდება დაფინანსება. საწარმოს გახსნა მოიცავს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა ასევე საშუალება მომეცემა დავასაქმო მარტოხელა დედები და მაქსიმალურად შევუწყო ხელი.
მგონია რომ მაგალითი ვიქნები იმათთვისაც, ვისაც ჩემსავით სურს რეგიონებში დაბრუნება და ვერ გაურისკავთ.“ - აღნიშნავს ნინი მენაბდე.
„ჯადოსნური ზღაპრის“ ისტორია 6 წლის წინ იწყება. როდესაც ნინი დედა გახდა, ჰქონდა სურვილი რომ შვილისთვის თვითონ გაეკეთებინა ის ნივთები რომლებიც ქართულ ბაზარზე ვერ იპოვა. ბიზნესის დაწყების ინსპირაცია კი ერთ-ერთ უცხოელი ინსტაგრამ ბლოგერის ფოტო გახდა, სადაც საბავშვო ტანისამოსის ხის საკიდი ჩანდა. მას შემდეგ პროფესიით ჟურნალისტმა ნინი მენაბდემ საკუთარი ბიზნესი დაიწყო და მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა, ხეზე დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს. როგორც თვითონ აღნიშნავს, მარტოხელა ახალბედა დედობას ჟურნალისტიკას ვერ შეუთავსებდა.
„კომპანიის შექმნისას, მთავარი მიზანი იყო ამეთვისებინა ახალი ნიშა და ქართულ ბაზარზე შემომეტანა ქვეყნის შიგნით წარმოებული, ხისგან დამზადებული, დახვეწილი, ფერადი და უსაფრთხო ნივთები ბავშვებისთვის, რაც ქართულ ბაზარზე ძირითადად შემოტანილია უცხოეთიდან და პლასტმასისგან არის დამზადებული. მინდოდა ქართველი მომხმარებლისთვის დამემტკიცებინა, რომ შესაძლებელი იყო მისაღებ ფასად შეეძინათ საქართველოში დამზადებული ეკო-მეგობრული და ლამაზი ნივთები. ეს ჩანაფიქრი კომპანიამ, რესურსებიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგად შეასრულა.
შევქმენი რამდენიმე ნივთის დიზანი და ავაწყობინე ხელოსანს. როდესაც ელიავაზე დავდიოდი ჩემი სასურველი ნივთების ასაწყობად, პროცესს ვაკვირდებოდი და მივხვდი რომ ძალიან მომწონდა, ბავშვიც სულ თან მახლდა, ფაქტობრივად ერთად გავმართეთ ჩვენი ახალი საქმე. პროცესი და შედეგიც იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, კარგად შემესწავლა ყველა საჭირო დეტალი.
ნივთები ისეთი ლამაზი გამოვიდა, მომინდა რაც შეიძლება მეტ პატარას ჰქონოდა ასეთი ლამაზი ნივთი. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, დავაგროვე დიდი გამოცდილება და არასდროს ვიშურებ ძალისხმევას, რომ ზუსტად ისეთივე ხარისხიანი, უსაფრთხო და ლამაზი პროდუქცია შევთავაზო მომხმარებელს, როგორსაც საკუთარი შვილისთვის დავამზადებდი.
იმის მიუხედავად, რომ დიდი ბიზნესის საკეთებლად არ მქონდა საკმარისი თანხები, მეუბნებოდნენ სარისკოაო, მე მაინც გავრისკე და დღეს ეს საკიდები "ჯადოსნური ზღაპრის" მომხმარებლების ყველაზე ხშირი არჩევანია. რასაც ვქმნი ყველაფერი ჩემი ხელით გაკეთებულია, ნელ-ნელა მარტომ შევისწავლე ეს ხელობა და დღემდე ვსწავლობ.“ - აღნიშნავს ნინი მენაბდე.
„ჯადოსნური ზღაპარი“ ნინიმ მამის ნაჩუქარი 500 ლარით დაიწყო, აღნიშნული თანხით მასალა შეიძინა, ხელოსანს დააჭრევინა და საკუთარი ხელით შეღება და ააწყო., მოგვიანებით სესხის მეშვეობით ლაზერის დანადგარი შეიძინა და ხის დაჭრაც თვითონ დაიწყო. გასულ წელს ნინიმ „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსება მიიღო, რითაც რუტერის დანადგარი შეიძინა, რომელიც სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაეხმარება.
როგორც ნინი გვიყვება „ჯადოსნური ზღაპრის“ პროდუქციის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია, მისივე თქმით „ჯადოსნურ ზღაპარს“ კონკურენტები არ ჰყავს.
„ჯადოსნურ ზღაპარს“ პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს ანუ ქართულ ბაზარზე არ არსებობს სხვა მწარმოებელი, რომელიც იმავე დასახელების პროდუქტების ნახევარს მაინც ქმნის.
ბაზარზე ოპერირებენ სხვა საწარმოები თუ კომპანიები, რომლებიც რამდენიმე კონკრეტულ ნივთს იმავე დიზაინით ან მიმსგავსებულს აწარმოებენ. ყოველთვის ვცდილობ, ასეთი ნივთები თავადაც შევიძინო, რათა შევადარო საკუთარ პროდუქციას. შემიძლია ვთქვა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ნივთებს ღებავს გუაშით ან ნიტრო საღებავებით. შესაბამისად ნივთის დამზადება უფრო იაფი უჯდებათ. ამის მიუხედავად, ამ ნივთებს იმავე ფასად ყიდიან რამდენადაც მე, რომელიც ბევრად გამძლე და ანტიალერგიული, წყლის საღებავით შეღებელ პროდუქციას ვაწარმოებ. ამიტომაც, დამკვეთები ამ კუთხით ხშირად აღნიშნავენ განსხვავებას.
დაინტერესება დიდია, პირველ რიგში იმიტომ რომ ვცდილობ ისეთი ნივთები შევქმნა რაც არ არსებობს ქართულ ბაზარზე, არა და საჭიროა.
ნივთების უმეტესობა შეკვეთით, პერსონალურად მზადდება და ეს ძალიან მოსწონს მომხმარებელს.
მომხმარებლების დიდ რაოდენობას სურს პროდუქციის მაღაზიაში ხილვა, რასაც ამ ეტაპზე მარტო ვერ ვახერხებ. მაგრამ ჩემი იდეის განხორციელებისთანავე, მაქსიმალურად ავითვისებ საბავშვო მაღაზიების ბაზარს.“ - აღნიშნავს ნინი მენაბდე.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას ნინი ცდილობს, რომ პროდუქტი ყველაზე მორგებული იყოს აქვს როგორც 160 ლარიანი ნივთი ასევე 900 ლარიანიც, კომპანია „ჯადოსნური ზღაპარი“ 60-მდე პროდუქტს აწარმოებს.
„ვცდილობ ფასები მორგებული იყოს ყველა ტიპის მომხმარებელზე, ის 20 ლარიდან იწყება. მაგალითად მოთხოვნადი ბარბის სახლები გვაქვს როგორც 900 ლარიანი ასევე 160 ლარიანი.
პანდემიის დროს და შემდეგ, მასალები კატასტროფულად გაძვირდა. მაგალითისთვის: საღებავს, რომელსაც ვყიდულობდი 35 ლარად ახლა 75 ლარს ვიხდი.
ამის ფონზე, მაქსიმალურად გავითვალისწინე მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობა და 5-15 ლარით მომიწია ფასის ზრდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს დასტაბილურდება ქართული ბაზარი ამ მხრივ.“ - აღნიშნავს ნინი მენაბდე.