„დღესდღეობით წისქვილკომბინატების ეტაპობრივი აღდგენა მიმდინარეობს“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ისაუბრა. მისი თქმით, იმპორტირებული ფქვილი ბაზარზე არსებობს და შესაბამისად პურის  ქარხნებში მისი რეალიზაცია ხდება.

„წისქვილები ეტაპობრივად ამუშავდება და ხორბალს ეტაპობრივად მიიღებენ, რომელიც  შეიძლება  ორ  ნაწილად დაიყოს, რაც  ძველი და  ახალი მოსავლის  ჩაბარებას გულისხმობს.

ძველ მოსავალში ძალიან დიდი რაოდენობა დაბალი კონდიციის ხორბალი იყო, რადგან ის  დიდი ხნის მანძილზე იყო შენახული და გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა სასურსათო რაოდენობა  წისქვილკომბინატმა უკვე  შეისყიდეს.  ახლა მეორე  ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც  ახალი მოსავლის მიღებას გულისხმობს.

ასოციაციამ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ განურჩევლად იმისა,  წისქვილკომბინატი  არის თუ არა ასოციაციის  წევრი, მან უნდა  მიიღოს  სასურსათო  ხორბალი  ფერმერისგან. რაც  შეეხება  ფასს, პირველ  ეტაპზე რეგიონების მიხედვით ხორბლის ფასის  ამპლიტუდა 50 – 55 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, კახეთში ეს  ფასი 65 -70 თეთრს  შეადგენდა. საერთო  ჯამში  დღესდღეობით ერთი ტონა  ხორბლის  ფასი 650 ლარი  გამოდის,“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

სილაგავას განმარტებით მსოფლიოში არსებული ვითარებიდან  გამომდინარე  სექტორი საკმაოდ  დიდი  გამოწვევის  წინაშე  დგას. მისივე  თქმით, რუსეთი და უკრაინა  ხორბლის ყველაზე  დიდი  მიმწოდებელია და  სწორედ  აქედან  ფორმირდება  ფასებიც.

„ახალ მოსავალზე რაოდენობრივი მდგენელი  ჯერჯერობით  დათვლილი არ არის, რადგან რამდენიმე რეგიონში მოსავლის აღება ახლა დაიწყო, შესაბამისად ნებისმიერ  რეგიონში  აღებული  ხორბალი რეალიზებული იქნება თავისი პარამეტრებიდან გამომდინარე.

ჩვენ ასევე პურის ფასთან მიმართებით გვაქვს  ვალდებულება, რომელსაც  შევასრულებთ და მასზე  ცვლილება  მოსალოდნელი არ  არის. შემოსულია დამაბალანსებელი მოსაკრებელი, რომელიც  აბალანსებს  სიტუაციას,  ეს  არ  არის შემოღებული იმისთვის, რომ ფქვილის იმპორტის  შეზღუდვა მოხდეს კონკურენციიდან გამომდინარე, ეს მიღებულია იმის  საპირწონედ, რომ ფქვილის იმპორტზე და ხორბლის  იმპორტზე  კონკურენციის  ბალანსი  დაირღვა.“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ.