„ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაიას შეფასებით, ზამთრის სეზონზე სასტუმრო „გუდაური ინის“ დატვირთულობა 80%-ზე მაღალი იყო, მაგრამ ქუთაისში, თბილისსა და ახალციხეში ტურისტების კლება აქვთ.
ბიზნესმენს გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ „ახალციხე ინნმა“ საკუთარი შემოსავლით გადასახადების და თანამშრომელთა ხელფასების გადახდაც ვერ შეძლო.
„ხელფასები და გადასახადები თბილისის და ქუთაისის სასტუმროებმა დაფარეს, „ახალციხე ინნმა“ - ვერ“, - ამბობს ბიზნესმენი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სასტუმროების დაბალი დატვირთულობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ინნ ჯგუფმა“ 2023 წელს სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში შესვლა გადაწყვიტა, რათა სასტუმრო ბიზნესისთვის აღებული კრედიტები დაეფარათ.
„დღემდე ასე გრძელდება - დეველოპმენტი აფინანსებს სასტუმროების კრედიტს. დღეს რომ სასტუმრო ნორმალურად მართოთ, სასტუმროს კრედიტი არა უნდა ჰქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არაა. ვერ წარმომიდგენია, იყოს ვინმე ისეთი ბიზნესმენი, რომელიც აშენებს სასტუმროებს და კრედიტი საერთოდ არ აქვს - ეს გამორიცხულია. ამიტომ კრედიტის დაფარვის მიზნით, ჩვენი ორი სასტუმრო - „ივერია INN“ და „ქუთაისი INN“ გავაერთიანეთ სამშენებლო კომპანია K3 INN-თან და გავაკეთეთ კომპანია K3 INN, რომლის შემოსავლებითაც იფარება დღეს „ივერია INN“-ის და „ქუთაისი INN“-ის კრედიტები“, - განაცხადა პაატა კოკაიამ „წერტილში“.
„ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელს მიაჩნია, რომ დაბალ სეზონზე სასტუმროების დატვირთულობის გასაზრდელად, საჭიროა, ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ტაილანდიდან მეტი ტურისტის მოზიდვა და ამ მიმართულებით, ბიზნესმენი სახელმწიფოს თანადგომის საჭიროებას ხედავს.
- მთავარი გამოწვევაა ის, რომ სასტუმრო ნომრების რაოდენობა დღეს უფრო მეტადაა გაზრდილი, ვიდრე წლიურად ტურისტების რაოდენობა, რომლის მოსაზიდად მუშაობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია?
- დიახ, ორივე ფაქტორია... რა თქმა უნდა, ჩვენც [ინნ ჯგუფმა] ბევრი ნომერი დავამატეთ და ტურისტების რიცხვის ზრდა გვჭირდება... ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რა როგორ უნდა გაკეთდეს და ალბათ, მთავრობასთან კოლაბორაციით უნდა მოვახერხოთ [მეტი ტურისტის მოზიდვა]
- რომელი ბაზრებიდან გვაქვს შანსი, დღეს, საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვის?
- ჩინეთიდან და ინდოეთიდან... როგორც ვიცით, ჩინეთთან საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს და გამარტივება კარგია, მაგრამ პირდაპირი რეისები არის ურუმჩიდან, როცა ვფიქრობ, უნდა იყოს ფრენები პეკინში, შანხაიში, გუანჯოუში, რადგან ურუმჩი არაა ისეთი რეგიონი, საიდანაც შეიძლება ბევრი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში...
- ინდოეთზე რას იტყვით - ისევ აქვთ ვიზის აღების პრობლემები ინდოეთის მოქალაქეებს?
- დიახ, არსებობს ვიზების მიღების და საზღვრიდან მიბრუნების პრობლემაც... შეიძლება, ახლა ნაკლებად აქტუალურია, ადრე უფრო იყო გამოწვევა, მაგრამ საერთოდ რატომ უნდა იყოს?! ალბათ ვიზების მიღების პროცედურები უნდა გამარტივდეს. მე მესმის ჩვენი მთავრობის იმ კუთხით, რომ ეშინიათ, [ინდოეთის მოქალაქეები] აქ არ დარჩნენ - ხედავთ, „გლოვოზე“ რამდენი მუშაობს... მახსოვს, ამ თემზე შევხვდით კიდევაც მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტურიზმში უკეთესი სიტუაცია იყოს. შეხვედრაზე იყვნენ სერიოზული ბიზნესმენები, რომელთაც აქ უკვე აქვთ ერთი სასტუმრო „როიალ ტულიპი“. ისინი მზად იყვნენ, დაახლოებით, 2 მილიონის ბონდები განეთავსებინათ ანგარიშზე და მათი წინადადება ასეთი იყო - ჩვენ ინდოეთიდან ტურისტებს შემოვიყვანთ და თუ რომელიმე აქ დარჩა, თქვენ ანგარიშიდან ჩამოგვაჭერით X თანხა, მეორე ჯერზე - Y თანხა და მესამედაც თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, მაშინ საერთოდ გაგვიუქმეთ ლიცენზიაო ანუ ამ შემთხვევაში გარანტორი გამოდიოდა თავად ბიზნესი და სახელმწიფოს არ სჭირდებოდა ვინმესთვის დევნა...
- რა პასუხი მიიღეთ სახელმწიფოსგან - არაო?
- არა კი არა, კი გვითხრეს... მაგრამ მერე რატომღაც იმდენი ახალი რაღაც ხდება საქართველოში, ამისთვის ალბათ არავის ეცალა.
- ევროპას რადგან არ ახსენებთ, არადა საქართველოს ტურიზმის სტრატეგია, სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას ითვალისწინებს, არ გვაქვს შანსი?
- ზაფხულობით, ევროპის ქვეყნებიდან ავიარეისები ემატება; მე გეტყვით ერთ რამეს ზაფხულში ტურისტების ნაკლებობა დიდად არ გვაქვს; ჩვენი პრობლემაა თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში როგორ „ვარჩინოთ“ სასტუმროები დაბალ სეზონზე... ვფიქრობ, ამ პერიოდში, სწორედ ინდოელებით, ჩინელებით და ტაილანდელებით უნდა გადავავსოთ [სასტუმროები]. ამისთვის კი, გვჭირდება პირდაპირი რეისები - დავნიშნავდი ჩარტერებს და ამ კუთხით, გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა თანადაფინანსებით, რომელიც რამდენიმე თვეში აღარ იქნება საჭირო. [ბიზნესს] გვიჭირს დაბალი სეზონის დროს... დაბალ სეზონზე ივლის ევროპელი ტურისტი საქართველოში?! ტაილანდს, ინდოეთს, ჩინეთს კი აქვს სურვილი...
წყარო: bm.ge