პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალიან მალე მიმართავს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანის საკითხი დარეგულირდეს. როგორც მან მთავრობის გუშინდელ სხდომაზე აღნიშნა, ავტოსადგურებში დაკმაყოფილებული არ არის მინიმალური მოთხოვნები და სტანდარტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას საჭიროებს.

„დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ პრობლემა ე.წ. „ხიშნიკებშია“ და აღნიშნული საკითხებიც მათ უკავშირდებათ.

„არსებობს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც არეგულირებს ავტოსადგურების ფუნქციონირებას, ახლა ეს რეგლამენტი დარღვეულია. მინდა თამამად ვთქვა, რომ რა ოდენობის მგზავრების გადაყვანაც ხდება კანონიერი ავტოსადგურების მიერ, დაახლოებით იმდენივე არის აღურიცხავი, არარეგისტრირებული ტრანსპორტის მიერ. პრობლემა ე.წ. „ხიშნიკებშია“ და ამაზე წლებია ვსაუბრობთ.

რეგლამენტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ადგილი, საიდანაც გადის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და მთავრობის დადგენილება მგზავრის გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის შესახებ - სწორედ ეს უნდა დააკმაყოფილოს ყველამ და ამის კონტროლი არ ხდება.

თუ მთავრობა ამ სფეროში წესრიგს დაამყარებს და მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა მოხდება, მივესალმებით, რადგან ამით წახალისებული იქნება კანონიერი ბიზნესი და აღმოიფხვრება ის უკანონობა, რაც ავტოსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება“, — ამბობს ნესტორ მიქატაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული ავტოსადგურების რეგულირებას და მათ ლიცენზირებას გეგმავს, შესაბამისი კანონპროექტის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე აპირებს.