კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელი და დირექტორი სანდრო ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ პლასტმასის მოხმარების სრულ აკრძალვას არაერთი ნეგატიური შედეგი მოჰყვება, გაძვირდება პროდუქტები და შესაძლოა, გარკვეული ინფლაციური პროცესებიც გამოიწვიოს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სანდრო ლილუაშვილი აცხადებს, რომ პლასტმასის სრული აკრძალვა ძალიან რთული იქნება ბიზნესისთვისაც.

„ჯერჯერობით აიკრძალა ერთჯერადი თეფშები, დანები, ჩანგლები, რასაც ძალიან არ დაურტყამს ბაზრისთვის. თუმცა, გეგმაშია ბოთლების აკრძალვაც. ვერ გეტყვით, ეს რამდენად მარტივად მოხერხდება, რადგან ძალიან დიდი სექტორია დამოკიდებული ერთჯერადი ბოთლის გამოყენებაზე, დანადგარები აქვთ შეძენილი, აწყობილები არიან ამაზე. არ ვიცი, როგორ გადავლენ შუშაზე. რამდენად მოხერხებადია ეს უახლოეს მომავალში, სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვი მეპარება. როგორც მინიმუმ, თუ მართლა მიიღებენ გადაწყვეტილებას, ბიზნესს გადაწყობისთვის დრო სჭირდება.

ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად ითვლება ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატები, რომლებიც ბოთლებს იბარებენ და ევროპის ქვეყნებში ასეთი სქემაა დანერგილი: სასმლის ყიდვისას 20-25 თეთრით მეტს გახდევინებენ. ეს თანხა ბოთლის ხელოვნური ღირებულებაა, ჰქვია დეპოზიტური სისტემა, ანუ ბოთლზე იხდი დეპოზიტს და თუ სურვილი გაქვს, ეს ფული უკან დაიბრუნო, ბოთლი უნდა ჩააბარო.

სრული აკრძალვის კუთხით ვერ გეტყვით, სად მუშაობს და რა პრაქტიკა არსებობს, მაგრამ ფაქტია, სამომხმარებლო კალათაში პროდუქციას გააძვირებს და შესაძლოა, გარკვეული ინფლაციაც შეიძლება გამოიწვიოს, რაც წესით სახელმწიფოს არ აწყობს“, - აცხადებს სანდრო ლილუაშვილი.