დღეს, 25 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი კომისია, სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

კომისიის გაცხადებული მიზანია, რომ შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვს და იმ საოპერაციო პროცესებს, რაც გავლენას ახდენს პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე. სადისტრიბუციო კომპანიებისგან დეპუტატები მოისმენენ ინფორმაციას იმ ხარჯების შესახებ, რაც საქონლის იმპორტიდან და საწყობიდან მაღაზიის დახლამდე მიტანას უკავშირდება.

ცნობისთვის, 11 თებერვალს სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კი კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ.