ბიზსნესმენ გალიფ ოზთურქს ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. დღეს, 24 იანვარს კორპუსებში ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ დაცვის პოლიციასთან ერთად. პოლიცია კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს.
მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ნარკოდანაშაულის საქმეზე საპროცესო გაუფორმეს და 1 მილიონი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით. გალიფ ოზთურქს პროკურატურა ედავებოდა ფინანსური დანაშაულის ჩადენას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დაადასტურა პროკურატურას და ოზთურქს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. უკანონო შემოსავლის ლეგალიზების [ფულის გათეთრება] საქმეზე ბიზნესმენს ამჯერად ორწლიანი თავისუფლების აღკეთა შეუფარდეს, რაც ჩაეთვალა პირობით.
ასევე, სახელმწიფომ ბიზნესმენს ჩამოართვა უძრავი ქონება ბათუმში, გოგოლის ქუჩა #11-ში. საუბარია იმ კორპუსებზე, რომელიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის სასამართლოში.
ამჯერად, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი აამოქმედა პროკურატურამ ოზთურქის წინააღმდეგ, რაც ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევას გულისხმობს. ოზთურქი ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ეს ქონება ოზთურქის ჩამოართვეს იმ ზიანის სანაცვლოდ, რაც პროკურატურის ვერსიით, ოზთურქიმ მიაყენა სახელმწიფოს და რაც დაახლოებით 23 მილიონი ლარად შეფასდა.
„ამას გარდა, ჯარიმა დაგვეკისრა 100 ათასი ლარი დამატებითი სასჯელის სახით,“ – ამბობს რობერტ გრიგალაშვილი „ბათუმელებთან“.
გოგოლის ქუჩა 11 ბ-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით უკვე სახელმწიფოს საკუთრებაა. რას უპირებს ამ ქონებას სახელმწიფო?
„საკითხი განხილვის და გადაწყვეტის პროცესშია“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან. უცნობია, რა ბედი ეწია სასამართლო დავას, როცა ბათუმის მერიამ კორპუსების აშენების შემდეგ თქვა, რომ კორპუსები უკანონოდ აშენდა.
- გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობა ხელისუფლებამ 2021 წელს არ შეაჩერა. სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები პერიოდულად ითხოვენ ამ კორპუსების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემას.
გოგოლის 11-ში უკვე ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი, მათ შორის, მარინა მსხალაძე:
„10 დღის წინ შემოვედი ამ კორპუსში ჩემი ერთ-ერთი შვილის ოჯახთან ერთად, წასასვლელი არსად გვაქვს, თუ მომკლავენ ისაა, მე არსად არ გავალ. არ შემოვუშვი დღეს პოლიციელები საერთოდ ჩემს ბინაში.
წყალიც არაა, მაგრამ მოვზიდე. გათბობა არც მანამდე მღირსებია… ნაქირავებში ვიყავით და ვეღარ ვიხდიდით ქირას. გათბობა არც იმ ნაქირავებში მქონია. როგორ ვარ იცით? სულ ვტირი, მიკვირს, ახლა რომ ვლაპარაკობ.
არ დაგიმალავთ: 6 შვილი მყავს და აქედან სამს მისცეს ბინა, ერთს „ოცნების ქალაქში“, ორს ხელვაჩაურში ჰქონდა სახლი და მაგისტრალი რომ ააშენეს, მაშინ მისცეს ბინები, ისეთი სივიწროვეა იმ ბინებში და იმდენი შვილიშვილი მყავს, ჩემი ადგილი არ არის. 65 წლის ქალი ვარ და 22 წელია ბინას ვითხოვ, მანამდე სადაც შევედი, ყველგან გამომაგდეს.
10 დღის წინ აქ შემოვიარე, არავის არ უთქვამს, შეგიძლია შეხვიდე მაქ და მიდიო, გარეთ არავინ იდგა, კარზევე იყო გასაღები, შემოვედი და დავრჩი… სხვებიც არიან, მაგრამ არ ვიცი არაფერი მათ შესახებ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა მსხალაძემ.
გოგოლის 11-ში აქვს ოფისი ორგანიზაციას „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ ოფისში შესვლის და დოკუმენტაციის, ასევე ტექნიკის გატანას უზღუდავენ:
„ვუთხარი, რომ უნდა მომცენ კანონით გათვალისწინებული ვადა 10 დღე, რასაც არ აკეთებენ.
კეთილი ნების საფუძველზე, ვიდრე ეს ქონება სახელმწიფოს ხელში გადავიდოდა, ოზთურქიმ მომცა ოფისის ფართი და ბინაც. მე 6 შვილი მყავს და წლებია ვითხოვ ბინას, როგორც მრავალშვილიანი ოჯახი,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.
გოგოლის 11-ში რჩება დაცვის პოლიცია.
პატიმრობიდან გათავისუფლებული გალიფ ოზთურქი კი, საქართველოში რჩება და ბიზნესსაქმიანობას განაგრძობს. ის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა.