ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ ექსპორტი დროებით უნდა გადადოს და ყურადღება ადგილობრივ ბაზარზე გაამახვილოს, - ამის შესახებ EastFruit-ი Bm.ge-ზე დაყრდნობით წერს.
ორგანული მეურნეობა „ბოსტანის“ დამფუძნებელი ბექა ბარჯაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც „ბოსტანი“ 4-5 წელი საზღვარგარეთ ექსპორტს არ გეგმავს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბიოსერტიფიკატი მივიღეთ და ევროკავშირის ბაზარზე გზა გავხსენით, უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში ექსპორტი არ იგეგმება. ჯერჯერობით მხოლოდ ქართველ კლიენტებს ვემსახურებით. შევქმენით ჩვენი მომხმარებლის ბაზა, ყოველთვიურად ვამატებთ ახალ წევრებს, არ გვყავს ისეთი კლიენტი, რომელმაც ერთხელ იყიდა ჩვენი პროდუქცია და მას მეორედ აღარ დაუბრუნდა, ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დიდია და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაფართოებაზე ვფიქრობთ,“ - აღნიშნა ბექა ბარჯაძემ.
„ბოსტანის“ დამფუძნებელი გაყიდვების პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრობლემა არასაკმარისი პროდუქციაა.
„კომპანიას ბევრი პრობლემა ჰქონდა გაყიდვებთან დაკავშირებით, ამიტომ, ონლაინ გაყიდვები 2022 წლის დეკემბერში დავიწყეთ და ახლაც ვმუშაობთ. სოციალური ქსელის საშუალებით 1500-2000 მომხმარებელი გვყავს და ყოველთვიურად ამ ციფრს 200-300 ოჯახი ემატება. ამიტომ, საკმარისი პროდუქცია არ გვაქვს. დღეს მთავარი პრობლემა ეს არის.
ზოგადად, ორგანული პროდუქტების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია და ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. თუმცა, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მომხმარებლების 99%-ს ჰყავს ბავშვები და მათთვის ყიდულობენ პროდუქციას. შეკვეთა დღის განმავლობაში მზადდება და კლიენტს 20:00-დან 23:00 საათამდე ეგზავნება. ვაერთიანებთ მეფრინველეობას, გვაქვს კვერცხი და ბოსტნეული - ძირითადად ეს არის ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული პროდუქტები“, - აღნიშნავს ის.
ცნობისათვის „ბოსტანი“ საქართველოში პირველი სერტიფიცირებული ორგანული სათბურია, რომელმაც ოფიციალურად 3-წლიანი წარმოების შემდეგ მიიღო ბიო-სერტიფიკატი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი პროდუქტი 100%-ით უსაფრთხოა.