„აჯიკაიას“ სახელით აჯიკები ბაზარზე 1 წელზე ნაკლები ხანია რაც გამოჩნდა, თუმცა დროის სიმცირის მიუხედავად, ის უკვე არაერთ ქვეყანაში დააგემოვნეს.
„ჯერ ერთი წელიც არაა შესრულებული, რაც ბაზარზე ვართ. ამ ეტაპზე წარმოდგენილები ვართ, როგორც ონლაინ სტარტაპი. საქმიანობა დავიწყეთ ჩემი და ჩემი მეუღლის ნახევარ-ნახევარი ხელფასით. არც კი წარმოგვედგინა, რომ აქამდე მივიდოდით (არც გვქონდა გეგმაში), გვინდოდა რომ როგორც ოჯახიდან იყიდება სხვადასხვა პროდუქტები, როგორიცაა თაფლი, ყველი და ა.შ. ჩვენც მსგავსად გაგვეყიდა აჯიკები. თუმცა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მომხმარებლებმა ერთმანეთს გადასცეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გემრიელ აჯიკას ქმნიან და იმდენად სწრაფად გავრცელდა ხმა, რომ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი მომხმარებელი შევიძინეთ, სრულიად შემთხვევით, ისე რომ ამისთვის საერთოდ არ ვყოფილვართ მზად.
ამ ეტაპზე, ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს.ჩვენი შეკვეთებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის ემიგრანტებზე. გვიკვეთავენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან, სადაც კი საქართველოს ფოსტას ხელი მიუწვდება,“- აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა, მარიამ გერგედავამ.
ამ ეტაპზე „აჯიკაია“ სამი სახის აჯიკას : წითელი (ძალიან ცხარე); მწვანე (კლასიკური,ცხარე) და ნიგვზიანი (ნაკლებად ცხარე) აწარმოებს, თუმცა საწარმოს გახსნასთან ერთად, პროდუქციის ასორტიმენტი გაიზრდება.
„იმდენად ბევრ აჯიკას ვამზადებთ ყოველდღიურად, რომ ვერც მოვახერხეთ დავითვალოთ თვის ჭრილში რამდენი გვაქვს გაყიდვა (უხეში გათვლებით, თვეში 200კგ). ამ ეტაპზე, სამი სახის აჯიკას ვაწარმოებთ: წითელს, რომელიც ძალიან ცხარეა; მწვანეს, რომელიც ასევე ცხარეა და ნიგვზიანს, რომელიც ნაკლებად ცხარეა.
თავისი პროდუქტის საქებარი არავის არ გამოელევა, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი აჯიკები იმდენად დიდი სიყვარულითაა დამზადებული, რომ სხვა ასეთი სიყვარულით ვერ დაამზადებდა. თითოეულ ქილაში ძალიან დიდი სიყვარული დევს და რა თქმა უნდა, რეცეპტი არის აბსოლუტურად ჩვენი“.
ცოლ-ქმრის სპონტანურად დაწყებული საქმიანობა, სტარტაპ ბიზნესში გადაიზარდა და „აჯიკაია“ გაფართოებას გეგმავს. იგეგმება კვების ობიექტისა და საწარმოს გახსნაც, სადაც ათამდე ადამიანი დასაქმდება. საწარმოს გახსნის შემდეგ, შესაძლოა „აჯიკაია“ ქსელურ მარკეტებშიც ვიხილოთ.
„თვის ბოლოსკენ ვგეგმავთ საკვები ობიექტისა და საწარმოს გახსნას, რომელიც „აჯიკაიას“ სახელით იფუნქციონირებს. საწარმოს გახსნასთან ერთად, იგეგმება ძალიან ბევრი ახალი პროდუქტის წარმოებაც. პროდუქტების უმრავლესობა დაწერილია, რეცეპტები გამზადებულია, ყველაფერი მზადაა, გარდა იმისა, რომ გვესაჭიროება მეტი კადრი, მეტი სივრცე და მეტი საშუალება.
თავდაპირველად ათამდე კადრი დაგვჭირდება, თუმცა სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე, შემდეგ კადრების დამატებაც მოგვიწევს და მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით,“- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.